მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

63ecc7be22007
BM.GE
15.02.23 15:50
631
„საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის 2023 წელი საფინანსო-ეკონომიკური თვალსაზრისით დატვირთული და გამოწვევებით სავსე იქნება. ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება, ინკლუზიურობის გაზრდა, სახელმწიფო საწარმოებიდან მომდინარე ფისკალური რისკები და ამ მიმართულებით რეფორმის განხორციელება, ინფლაციის შემცირება, ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია რაზეც 2023 წელს ჩვენ მოგვიწევს კონცენტრირება“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, ტრადიციულად კომიტეტის მთავარი ამოცანაა, სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვის და დამტკიცების პროცესის ხელმძღვანელობა და საფინანსო სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, კომიტეტის სამოქმედო გეგმა, როგორც კანონშემოქმედებით საქმიანობას, ასევე კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციების კიდევ უფრო გაძლიერებას ითვალისწინებს, რაშიც კომიტეტს TWINNING-ის პროექტი დაეხმარება.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ევროპული საუკეთესო მრავალწლიანი გამოცდილება საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანია.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების 2 წლიანი პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში პირველად ხორციელდება, კომიტეტმა გასულ წელს დაიწყო.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სამოქმედო გეგმა ასევე მოიცავს: საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის და სხვა საფინანსო სტრუქტურების მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშების განხილვას, ანალიზს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას.