მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა

5ef393672ddc1
BM.GE
24.06.20 21:46
929
პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილა და მხარი დაუჭირა, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარმოადგინა.

მომხსენებლის თქმით, ქვეყანას წლის დასაწყისში საკმაოდ კარგი ეკონომიკური ტენდენციები ჰქონდა, გასულ წელსაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა უფრო მაღალი, ვიდრე ეს ბიუჯეტით იყო დაგეგმილი, შესაბამისად, გასულ წელს შესაძლებელი გახდა, მათ შორის, ისეთი პარამეტრების შემცირება, როგორიც არის ფისკალური საბიუჯეტო დეფიციტი.

მისი განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებები გამოწვეულია კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობიდან გამომდინარე. მან დეპუტატებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და სექტორების მიხედვით დეტალურად ისაუბრა მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ.
მან მადლობა გადაუხადა პარლამენტს, იმ კომიტეტებს, რომლებიც ჩართული იყვნენ ბიუჯეტის შემუშავებაში და ასევე იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტის მხარდაჭერა ექნება წარმოდგენილ ცვლილებებს, რაც შესაძლებლობას მისცემს მთავრობას სრულყოფილად დააფინანსოს ანტიკრიზისული გეგმა.

თანამომხსენებელმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ გამოსვლისას თავისი და კომიტეტის პოზიცია წარმოადგინა კანონპროეტთან დაკავშირებით.

„2020 წლის კორექტირებული სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფინანსურ უზრუნველყოფას. ანტკრიზისული გეგმა და შესაბამისად ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს როგორც კოვიდ ინფექციასთან ბრძოლას, ასევე სოციალურ მიმართულებებს, მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიისთვის დახმარებებს და ბიზნესის მხარდაჭერასაც, ამავე დროს, იგი ქმნის სასტარტო პირობებს, რომ კრიზისის დაძლევის შემდეგ ეკონომიკა მალევე იქნას გადაყვანილი სწრაფი განვითარების რეჟიმში“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. როგორც მან აღნიშნა, პანდემიის შედეგად გვაქვს როგორც მიწოდების ასევე მოთხოვნის შოკი, რაც იწვევს ეკონომიკის შემცირებას, სწორედ ამან განაპირობა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა.

„გასულ წლებში არსებული მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ფისკალური დისციპლინა, სავალუტო ფონდთან წარმატებით განხორციელებულ პროგრამასთან ერთად იყო ის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა უმოკლეს დროში საერთაშორისო ინსტიტუტებთან მიგვეღწია შეთანხმებას საქართველოსთვის დამატებით 1,5 მლრდ. აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე.“-თქვა ირაკლი კოვზანაძემ და ხაზი გაუსვა მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის ვალის შემდგომი ზრდის კონტროლის მნიშვნელობას.

პარლამენტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ წარმოადგინა.

კანონპროექტის შესაბამისად განისაზღვრება ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობის ახალი სახე - აზარტული ანდა მომგებიანი თამაშების მიწოდება და ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებლის მიერ წარსადგენი დოკუმენტები. ასევე, კანონპროექტით წესრიგდება ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის, აზარტული ანდა მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებული საკითხები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტს განსახილველად წარუდგინა რამდენიმე სარატიფიკაციო დოკუმენტი.

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის მეტროს პროექტი)“ რატიფიცირების შესახებ“; პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის დამატებითი დაფინანსება)“ რატიფიცირების შესახებ“; ასევე საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო შეთანხმების (პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხი (PBL) III)“ რატიფიცირების შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (COVID-19-ზე საგანგებო რეაგირებისა და დანახარჯების მხარდამჭერი პროგრამა)“ რატიფიცირების შესახებ“.

მეორე მოსმენით განიხილეს საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტი შემუშავებულია ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, რომელიც მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) სრულ ჰარმონიზებას ევროკავშირის შესაბამის დირექტივასთან.

კანონპროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ წარმოადგინა.

მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ კანონპროექტი. პროექტით წესრიგდება ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების საფუძვლებთან, დემპინგის დადგენასთან, წარმოების ღირებულებაზე დაბალ ფასში არსებულ გაყიდვებთან, ჯამურ ხარჯებთან, საექსპორტო ფასთან, ფასთა სამართლიან შედარებასთან და შედარების მეთოდებთან დაკავშირებული საკითხები. კანონის პროექტით აგრეთვე რეგულირდება სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები.