საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საქართველოს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკების რეზოლუციის ფუნქცია დაემატა. პარლამენტმა უკვე დაამტკიცა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში, კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონსა და სხვა გამომდინარე კანონებში ცვლილებები, რომლითაც კომერციული ბანკების რეზოლუციისა და გაჯანსაღების ჩარჩოს ძირითადი საფუძვლები განისაზღვრა. იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, რეზოლუციის ჩარჩო ეროვნულ ბანკს ამ პრობლემებზე ადრეული რეაგირების შესაძლებლობას მისცემს, ხოლო თუ ასეთი რეაგირება უშედეგოდ დასრულდა, მაგალითად, თუ დადგა კომერციული ბანკისათვის ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები, რეზოლუცია რეგულატორის მიერ კომერციული ბანკის იმგვარად რესტრუქტურიზაციას გულისხმობს, რომ საფრთხე არ შეექმნას ფინანსურ სტაბილურობას.
რეზოლუცია ბანკის ლიკვიდაციის ერთგვარ ალტერნატივასაც წარმოადგენს და ისეთ შემთხვევებში გამოიყენება, როდესაც ბანკის ლიკვიდაციას მნიშვნელოვანი უარყოფითი ეფექტი ექნება ფინანსური სექტორის სტაბილურობაზე. ამავდროულად, რეზოლუცია საშუალებას იძლევა შენარჩუნდეს ბანკის კრიტიკული ფუნქციები და თავიდან იქნას აცილებული ფინანსური სირთულეების სექტორის სხვა მონაწილეებზე გადადება. რეზოლუციის მთავარი პრინციპის მიხედვით, აქციონერებმა და კრედიტორებმა არ უნდა იზარალონ იმაზე მეტად, ვიდრე ისინი იზარალებდნენ ლიკვიდაციის შემთხვევაში. გარდა ამისა, რეზოლუციის პროცესში დაზღვეული დეპოზიტების გარანტირებული დაცულობა და კრედიტორების დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანა ლიკვიდაციაზე უკეთ უზრუნველყოფს დეპოზიტორთა და კრედიტორთა დაცვას, რაც დადებითად იმოქმედებს ქვეყანაში არსებულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე.
აღნიშნული ჩარჩოს ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკი რეზოლუციას შემდეგი სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენებით განახორციელებს: კომერციული ბანკის შერწყმა, კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისება ან დროებითი ბანკისთვის გადაცემა, კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაცია ახალი აქციების გამოშვების ან ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის გზით (Bail-in).
"გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩო ეროვნულ ბანკს შესაძლებლობას მისცემს კრიზისულ სიტუაციებში უზრუნველყოს კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობისა და ფინანსური სექტორის სტაბილურობის შენარჩუნება, ასევე დეპოზიტართა ინტერესების უკეთ დაცვა სახელმწიფო ბიუჯეტის მინიმალური დანახარჯებით, რაც დადებითად იმოქმედებს ქვეყანაში არსებულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე. მისი შემოღება მნიშვნელოვანია კომერციული ბანკების ფინანსური სირთულეების ადრეული იდენტიფიკაციის, გაჯანსაღებისა და რეზოლუციის სამართლებრივი ჩარჩოს დახვეწისა და მისი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოსაყვანად. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის ჩარჩო ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების მიხედვით შემუშავდა, ხოლო საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები. საკანონმდებლო პაკეტის შემუშავების პროცესი საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან ინტენსიური კონსულტაციების ფონზე მიმდინარეობდა", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.
ბანკების რეზოლუციისა და გაჯანსაღების ჩარჩო საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე, კერძოდ, „ფინანსური ინსტიტუტების ეფექტური სარეზოლუციო რეჟიმების ძირითადი ელემენტებსა" და ევროპის პარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ 2014 წლის 15 მაისის ბანკის გაჯანსაღებისა და რეზოლუციის 2014/59/EU დირექტივაზე დაყრდნობით შემუშავდა. რეზოლუციის ჩარჩოს სრული ამოქმედებისთვის აუცილებელ ნორმატიულ აქტებზე მუშაობას ეროვნული ბანკი 2020 წელს გეგმავს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის