მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში ახალი სსიპ-ის შექმნას მხარი დაუჭირა

6267ffe663f44
ვიქტორია მღებრიშვილი
26.04.22 18:35
812
საქართველოს პარლამენტმა ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში ახალი სსიპ-ის შექმნას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მისივე ცნობით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების მიმართულება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გადადის.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რეალურად მთავრობამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქოლგის ქვეშ ახალ სსიპ-ს - სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ქმნის, რომელიც აქამდე სივრცითი და ტერიტორიული მოწყობის დეპარტამენტის სახით ინფრასტრუქტურის სამინისტროს ექვემდებარებოდა.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების მიმართულებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტოს გადაეცემა.

ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ წარადგინა.

კენჭისყრის შედეგად, 81 მომხრე, 6 წინააღმდეგი, პარლამენტმა კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას, მხარი დაუჭირა“, - ნათქვამია პარლამეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: ახალი სსიპ-ის შენახვა გადასახადის გადამხდელებს მიმდინარე წელს 5 მილიონიო ლარი დაუჯდებათ; სწორედ ამდენივე მოცულობის საბიუჯეტო რესურსია გათვალისწინებული წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის ფუნქციონირებისთვის, რაც ახალ სააგენტოს გადაეცემა.

კანონის განმარტებით ბარათში წერია, რომ მომავალი წლისთვის დიდი ალბათობით ამ მოცულობით საბიუჯეტო რესურსი საკმარისი არ იქნება.

ეკონომიკის სამინისტროში ახალი სსიპ-ის შექმნის მიზანშეწონილობაზე მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ რეგიონული განვითარების კომიტეტში მარტის შუა რიცხვებში ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღესდღეობით, ინფრასტრუქტურის სამინისტროში 12 ადამიანისგან შემდგარი დეპარტამენტში დასაქმებულთა რაოდენობა 2023 წლიდან საკმარისი არ იქნება და მათი რიცხვი შესაძლოა 40 ადამიანამდე გაიზარდოს, მაგრამ რადგან წელს ბიუჯეტი დამტკიცებულია, ადამიანები, რომლებიც ახლა მუშაობენ, ახალ სააგენტოში კონკურსის გარეშე გადავლენ.