20.დეკემბერი .2019 19:15

პარლამენტმა ენერგეტიკის სექტორის რეფორმისთვის საჭირო ორი ძირითადი კანონი დაამტკიცა

views 1038
უკან

პარლამენტმა, ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობის მოთხოვნების მიხედვით, ენერგეტიკის სექტორის რეფორმისთვის მნიშვნელოვანი ორი კანონი დაამტკიცა. ესენია: "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" და "განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ" კანონები.

განახლებადი ენერგიების ათვისების ხელშეწყობის მიზნით, კანონპროექტის მიღებას ინვესტორები განსაკუთრებით ელიან, რადგან კანონის მიღებიდან დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, მთავრობამ ჰიდროს, მზისა და ქარის ენერგიების გამოყენებით დაინტერესებულებს კონკრეტული ფინანსური სქემები უნდა შესთავაზოს, ანუ გააცნოს, როგორ დაუჭერს მხარს საქართველოში მათ საქმიანობას.

"კანონის პროექტი ითვალისწინებს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ხელშეწყობის, წახალისებისა და გამოყენების სამართლებრივი საფუძვლების შექნას. ასევე, ადგენს მხარდაჭერის სქემებთან, საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეებს შორის სტატისტიკურ ტრანსფერთან, საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეებთან, ასევე მესამე ქვეყნებთან განსახორციელებელ ერთობლივ პროექტებთან, წარმოშობის სერტიფიკატებთან, ადმინისტრაციულ პროცედურებთან, საინფორმაციო უზრუნველყოფასა და ტრენინგებთან, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიისა და ბიოგაზის ელექტროენერგეტიკულ ქსელზე და ბუნებრივი გაზის ქსელზე დაშვებასთან დაკავშირებულ ნორმებს, ასევე მდგრადობის კრიტერიუმებს ბიოსაწვავისა და ბიოსითხეების წარმოებისთვის", - წერია "განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ" კანონის განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების" შესახებ კანონს, ეს ამ დარგის მთლიანი რეფორმის პროცესს მოიცავს, სადაც ერთ–ერთი მთავარი ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის ბაზრების ლიბერალიზაციაა. ამ მიზნით საქართველოში ენერგეტიკული ბირჟაც დაფუძნდა, სადაც სავარაუდოდ, 2021 წლიდან, ელექტროენერგიის მწარმოებლები და მყიდველები ივაჭრებენ.

აღსანიშნავია, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოში ახალ სამართლებრივ სუბიექტებს და უკვე არსებული სტრუქტურების მიმართ დამატებით მოთხოვნებს გააჩენს, რის გამოც, ენერგეტიკოსების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ სამომხმარებლო ტარიფები ქვეყანაში გაიზრდება.

ამ კანონის მიზნები დოკუმენტში ასეა გაწერილი:

– საქართველოში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზით ვაჭრობის სფეროში თავისუფალი და კონკურენტული ურთიერთობების ხელშეწყობა და ბაზრების გახსნა;

– სემეკ–ის უფლებამოსილების გაზრდა, რომელზეც ქსელის წესების გარდა (რაც დღესაც მისი ფუნქციაა) დელეგირდება ბაზრის წესების და გადამცემი ქსელის განვითარების 10–წლიანი გეგმების დამტკიცების უფლებამოსილება;

– გადამცემი ან გამანაწილებელი საქმიანობის გამიჯვნა წარმოებისა და მიწოდების საქმიანობისაგან, რისთვისაც უნდა მოხდეს საქართველოში არსებული გადაცემის და  განაწილების ლიცენზიატი კომპანიების რეორგანიზაცია.

- საქართველოს მთავრობის მიერ ბაზრის კონცეფციის მოდელის დამტკიცება, რომლის მიერ განსაზღვრული სეგმენტების მიხედვით მოხდება შესაბამისი ბაზრის ოპერატორების ლიცენზირება და ბაზრის წესების დამტკიცება კომისიის მიერ.

- ბაზარზე ტრეიდერის და მიმწოდებლის სტატუსების შექმნა;

- საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე ბაზრის შესაძლო უარყოფითი ზეგავლენის შესარბილებლად საქართველოს მთავრობისთვის უფლებამოსილების მინიჭება, განსაზღვროს დროებით უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც მომხმარებელთა შესაბამის კატეგორიას უზრუნველყოფს ენერგიის მიწოდებით სანამ ისინი თავისუფალ ბაზარზე შეძლებენ მიმწოდებლის არჩევას და ა.შ

საერთო ჯამში, რეფორმების პროცესი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების მიხედვით უნდა განხორციელდეს.

აღსანიშნავია, რომ ამ კანონების მიღება საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა დააგვიანა, რას გამოც, გასულ თვეს ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოსგან ხელისუფლებამ კრიტიკა დაიმსახურა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა