მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა "ენერგოეფექტურობის შესახებ" და "შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ" კანონები დაამტკიცა

5ec7e2559c140
BM.GE
22.05.20 18:24
1459
პარლამენტმა ენერგეტიკული რეფორმის ფარგლებში, "ენერგოეფექტურობის შესახებ" და "შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ" კანონები დაამტკიცა.

ორივე კანონის მიღება საქართველოს ენერგეტიკული რეფორმის შემადგენელია, რომელსაც ქვეყანა ევროკავშირთან "ასოცირების შეთანხმების" გაფორმებისა და შესაბამისად, საქართველოს "ენერგეტიკულ გაერთიანებაში" გაწევრიანების საფუძველზე ახორციელებს. საქართველოსთვის, როგორც აღნიშნული გაერთიანების წევრი სახელმწიფოსთვის, სავალდებულო გახდა შესაბამისი ევროდირექტივების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაცია. 

როგორც "შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ" კანონის განმარტებით ბარათში წერია, მისი მიზანია, შენობების ენერგოეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, რასაც, სათბური გაზების ემისიის შემცირებასთან ერთად, გააჩნია სხვა ბევრი ისეთი დადებითი შედეგიც, როგორიცაა მაგალითად სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა, ტექნოლოგიების განვითარება და ინოვაცია, ჰაერის, წყლის მიწის დაბინძურების შემცირება, ადამიანის ჯანმრთელობისა და კომფორტის დონის გაზრდა, ენერგიის მოხმარებაზე გადასახადების შემცირება და სხვ. 

რაც შეეხება "ენერგოეფექტურობის შესახებ" კანონს, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მისი მიზნების შესრულება ხელს შეუწყობს ენერგიაზე მოთხოვნის ეკონომიკურად და ეკოლოგიურად მიზანშეწონილი მართვის პრაქტიკის დანერგვას; ენერგორესურსების იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას, შესაბამისად ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდას, რაც ასევე უზრუნველყოფს ქვეყნიდან გასული ვალუტის შემცირებას; როგორც გარე, ეკოლოგიური მდგომარეობის ასევე, შენობების შიდა კლიმატური პირობების გაუმჯობესებას, რაც ჯანმრთელობის დაცვის, შრომისუნარიანობის ამაღლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და შესაბამისად მოსწავლეების განვითარების ერთ-ერთი ფაქტორია. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, ენერგოეფექტურობის შესახებ კანონი, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, უფრო მეტად გვაახლოებს ევროკავშირთან. 

"ჩვენ დავაფუძნეთ ენერგეტიკული ბირჟა, გავატარეთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და ამოცანა არის, რომ ჩვენი საკუთარი მწვანე რესურსი უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ. გარდა ამისა, ვისწავლოთ ამ რესურსის ეფექტიანი მოხმარება. აქედან გამომდინარე, ვულოცავ მთელ ენერგეტიკულ სექტორს, მთლიანად საქართველოს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც ყველაფერთან ერთად უფრო მეტად გვაახლოებს ევროკავშირთან და ევროკავშირში არსებულ წესებთან", - აღნიშნა ნათია თურნავამ.