15.ივლისი .2020 19:00

პარლამენტმა "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

views 324
უკან

პარლამენტმა 81 ხმით "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა.

ცვლილების თანახმად, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკ-ი) უფლებამოსილი ხდება, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების გამანაწილებელ კომპანიებს (ოპერატორებს) 5%-ზე მეტი წილის/აქციების გაყიდვა აუკრძალოს.

კანონპროექტის თანახმად, თუკი გამანაწილებელი კომპანია წილის/აქციების 5 ან მეტი პროცენტის გასხვისებას გადაწყვეტს, ის ვალდებული იქნება, რომ ამის თაობაზე სემეკ-ს წინასწარ აცნობოს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანოში გარკვეული დათქმით დაუჭირეს მხარი, კერძოდ, მარეგულირებლისთვის 5%-ზე მეტი წილის/აქციების გაყიდვის შეტყობინების ვალდებულება ევროპული ენერგეტიკული გაერთიანების წევრი სახელმწიფოების ფიზიკურ და იურიდიულ პირებს არ შეეხება.

დოკუმენტის თანახმად, კომისიისთვის წარდგენილ შეტყობინებაში უნდა მოხდეს მონაწილე პირების თაობაზე შემდეგი ინფორმაციის მითითება: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და ენერგეტიკის სფეროში გამოცდილება, სარეგისტრაციო მონაცემები, სადამფუძნებლო დოკუმენტები, მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) სახელი, გვარი, მისამართი და მოქალაქეობა; ბ) აქტივების შეფასების დასკვნა და აუდიტის ანგარიში საწარმოს ფინანსურ ანგარიშგებაზე; გ) შერწყმის ან/და წილის/აქციებისა ან საოპერაციო აქტივების გასხვისების ან/და მაკონტროლებელი პირის ცვლილების პირობები; დ) ინფორმაცია ფინანსური სახსრების წარმომავლობის შესახებ.

პროექტის თანახმად, სემეკ-ს უფლება ეძლევა, ისეთი ინფორმაციის წარდგენაც მოითხოვოს, რომელიც ზემოჩამოთვლილ პუნქტებში არ არის მითითებული. შეტყობინების წარდგენიდან 3 თვის ვადაში მარეგულირებელი კომისია უფლებამოსილი ხდება, გასცეს თანხმობა ან აკრძალოს 5 პროცენტის ან მეტი წილის/აქციების გასხვისება ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილება. კანონპროექტში მითითებულია, რომ გასხვისების აკრძალვის ერთ-ერთ საფუძვლად, სხვა გარემოებებთან ერთად, შეიძლება იყოს ოპერატორის მიერ მომხმარებლებისთვის გაწეული მომსახურების შესაძლო გაუარესება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა