მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა "საცხოვრებლად ვარგისი ქალაქებისთვის" ADB-სგან €101 მილიონის სესხებას მხარი დაუჭირა

620e3489c51be
შოთა ტყეშელაშვილი
17.02.22 22:55
927
"საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების" პროექტი ასე ეწოდება საკრედიტო შეთანხმებას, რომელიც საქართველომ აზიის განვითარების ბანკთან (ADB) გააფორმა. დღეს პარლამენტმა ამ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. 

პროექტი 101 მილიონი ევროს კრედიტს მოიცავს, რაც სხვადასხვა ქალაქში სოციალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის უნდა დაიხარჯოს. თანხიდან 20 მილიონი ევრო თბილისში მიიმართება, დანარჩენი რესურსები კი სხვა ქალაქებზე გადანაწილდება.

"2019 წელს მოხდა პირველი ტრანშის გამოყოფა, ეს იყო 13.5 მილიონი ევრო, რომლითაც დაიწყო ამ პროექტის ანუ საცხოვრებლად ვარგისი ქალაქებისთვის ტექნიკურ ეკონომიკური კვლევების მომზადება. მაშინ ეს ფული იყო კვლევებისთვის გამოყოფილი და ითქვა, რომ მთლიანობაში 500 მილიონ დოლარამდე იქნებოდა შესაძლებელი გამოყოფილიყო. ძირითადი მიზანია, თითოეულ რეგიონში ქალაქები გავხადოთ საცხოვრებლად უფრო მიმზიდველი, საუბარია ტექნიკური და სოციალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე.

პირველ ეტაპზე ხდება ამ ხელშეკრულებით 101 მილიონი ევროს გამოყოფა, რომლიდანაც 80 მლნ ევრო ნაწილდება სხვადასხვა მუნიციპალიტეტზე, 20 მილიონი ევრო კი არის განსაზღვრული თბილისისთვის. ამ პროექტებს შორისაა 20 საბავშვო ბაღის მშენებლობა, საცურაო აუზისა და სპორტ კომპლექსის მშენებლობა; თბილისში, ჯერჯერობით, უფრო მეტად კვლევების და პროექტების შესწავლის მიზნით არის დაფინანსება გათვალისწინებული, თუმცა კვლევების შემდეგ თითოეულ ამ ლოკაციაზე დაიხარჯება 20 მილიონი.

მთლიანობაში ამ პროექტით უფრო მეტად დაფინანსდება პროექტები, რომელთაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში შეუძლიათ წვლილის შეტანა.

პროექტს თბილისის შემთხვევაში ახორციელებს თბილისის განვითარების ფონდი, სხვა მუნიციპალიტეტების შემთხვევაში კი მუნიციპალური განვითარების ფონდი," - პროექტის პრეზენტირებისას თქვა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ. 

პროექტისთვის გამოყოფილი სესხის ხანგრძლივობა 26 წელია, აქედან 11 წელი საშეღავათო პერიოდია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო მის მომსახურებას 11 წლის შემდეგ დაიწყებს. პარლამენტში წარდგენილი მონაცემების მიხედვით, კრედიტის განაკვეთი არის ცვლადი და ის Euribor-ს პლიუს 0.7%-ს შეადგენს.