მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა შენობაზე სართულის დაშენების კვლევა ჩაატარა და ექსპერტებისგან უარი მიიღო

61767ab19505e
შოთა ტყეშელაშვილი
25.10.21 13:39
1769
თბილისში, რუსთაველის გამზირზე #8-ში არსებულ პარლამენტის ისტორიულ შენობაზე სართულის დაშენება განიხილება. შესაბამისი საპროექტო-საინჟინრო კვლევა საქართველოს პარლამენტის დაკვეთით ჩატარდა. 158-გვერდიანი დოკუმენტის მიხედვით, პარლამენტის აპარატის დაკვეთით შესწავლილია ისტორიულ შენობაზე სართულის დაშენების რამდენიმე ალტერნატივაც.

კერძოდ, კი კვლევის ტექნიკურ დავალებაში ნათქვამია, რომ დამკვეთმა (პარლამენტის აპარატმა) დასვა რამდენიმე საკითხი შენობაზე დაშენების შესაძლებლობის შესასწავლად. თუმცა, ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, შენობის არსებული საინჟინრო მდგომარეობის გათვალისწინებით, მასზე სართულის დაშენება “არარეკომენდებულია”.

"C ბლოკის ცენტრალური ფლიგელის (მეშვიდე სართულზე) ნაკვეთურებზე ერთი სართულის დაშენება არარეკომენდირებულია. აღნიშნული გამყარებულია შემდეგით: კვლევის პროცესში გამოვლენილია დაზიანებების აღმოფხვრის მიზნით წარსულში განხორციელებული გაძლიერების სამუშაოები; ასევე, გადაანგარიშების შედეგებით, სადაც გათვალისწინებულია ყველა ფაქტობრივი მონაცემი და დაშენების შედეგად წამოქმნილი გაზრდილი დატვრთვები. რაც აჩვენებს, რომ რეკონსტრუქცია (დაშენება) გამოიწვევს არადასაშვებ დეფორმაციებს და უარყოფითად იმოქმედებს არსებულ მდგომარეობაზე,"- ნათქვამია დასკვნაში.

პარალელურად, პარლამენტის აპარატმა გამოაცხადა 360,000 ლარის ღირებულების ტენდერი „С“ კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების გაძლიერების სამუშაოების სრული და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის და სატენდერო პროცედურების ჩატარებასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.

დღესვე საქართველოს პარლამენტმა საკითხთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გაავრცელა:

“საქართველოს პარლამენტის აპარატს სურს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია პარლამენტის სასახლის „С“ კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების გამაგრება/გაძლიერების ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის შესახებ მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

პარლამენტის აპარატის მიერ გამოცხადებულია ტენდერი, საქართველოს პარლამენტის სასახლის C კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრება/გაძლიერების სამუშაოების სრული და დეტალური საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე, რის საფუძველზეც მეორე ეტაპად ჩატარდება C კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრების სამუშაოები. მიმდინარეობს ანალოგიური პროცედურები, რაც რამდენიმე წლის წინ უკვე ჩატარდა C კორპუსის ცენტრალური ფლიგელის გამაგრების მიზნით.

საქართველოს პარლამენტის აპარატი არ გეგმავს რაიმე სახის დაშენებითი სამუშაოების განხორციელებას", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის შენობა საბჭოთა კავშირის დროს ქვეყნის მთავრობის სახლის ფუნქციას ასრულებდა. მისი ზედა კორპუსი აშენდა 1938 წელს. მეორე კორპუსი, რომელიც რუსთაველის გამზირზეა აიგო 1953 წელს. შენობაზე 1977, 1990, 1992, 2006, 2013, 2018 წლებში ჩატარებულია საკვლევი საპროექტო გაძლიერებითი სამშენებლო სამუშაოები, ხოლო 1990-იანების დასაწყისში სამოქალაქო ომის დროს არსებული ხანძრის შემდეგ შენობის რეაბილიტაცია მოხდა.