მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა შეზღუდვების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა

5ec6a4847f6ea
BM.GE
21.05.20 19:48
1173
პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან. 

 კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციით, საკარანტინო ღონისძიებებში მოიაზრება ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში. პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტის თანახმად კი საკარანტინო ღონისძიებებში, გარდა ზემოაღნიშნულისა, მოიაზრება აგრეთვე ღონისძიებები, რომელიც გულისხმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად. 

კანონპროექტის თანახმად, მთავრობას ზემოაღნიშნული ღონისძიებების გატარება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება და მათ ასამოქმედებლად მთავრობას არ დასჭირდება პარლამენტის მხარდაჭერა. 


საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი არც ოპოზიციამ და არც დამოუკიდებელმა დეპუტატებმა არ დაუჭირეს. 

ამასთან, კენჭისყრამდე უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას შესთავაზა, კანონპროექტით გათვალისიწნებული შემზღუდავი ღონისძიებები იყოს დროებითი და გარდამავალ დებულებაში მისი ვადა 15 ივლისამდე ჩაიწეროს. დეპუტატებმა საკანონმდებლო ცვლილებებს სწორედ ამ დათქმით დაუჭირეს მხარი.


კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები: დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე არიან.