მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტში ეკონომიკაზე პანდემიით გამოწვეული ზიანის გენდერულ ანალიზს მოამზადებენ

5e8ae36f9f0cc
ინგა მურუსიძე
06.04.20 12:28
785
„პარლამენტის გენდერული საბჭო, პრემიერ-მინისტრის ოფისთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ეკონომიკაზე პანდემიით გამოწვეული ზიანის და გავლენის გენდერულ ანალიზს მოამზადებს, - ამის შესახებ გენდერული საბჭოს წევრმა ნინო წილოსანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„კვლევის მიზანია, შევაფასოთ თუ როგორ აისახა პანდემია ქალთა ეკონომიკურ აქტივობაზე და შევიმუშაოთ რეკომენდაციები, რომელსაც მთავრობა ეკონომიკის სტაბილიზაციის და აღდგენის პროგრამებში გაითვალისწინებს. ეს იქნება დამხმარე ინსტრუმენტი, რათა შევამციროთ ეკონომიკური ზიანი და ეფექტურად დავეხმაროთ ქალებს, როგორც მოწყვლად ჯგუფს და ეკონომიკაში მნიშვნელოვან სამუშაო ძალას“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი შეფასებით, „covid-19“, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვისთვის გამოწვევას წარმოადგენს, არანაკლებ რთული
გამოწვევა იქნება ქვეყნების ეკონომიკისთვის.

წილოსანის თქმით, სამუშაო ადგილების შემცირების და უმუშევრობის გაზრდის ფონზე, როგორც გაეროს მოხსენებაშია აღნიშნული - პანდემიის შედეგების გავლენა უფრო მეტად აისახება ისეთ სექტორებზე, სადაც მეტი ქალი იყო დასაქმებული - სერვისები, ტურიზმი, სარესტორნე სექტორი, თვითდასაქმებულები და სხვა.

ნინო წილოსანის განცხადებით, პარალელურად იზრდება კარანტინის პირობებში სახლში დარჩენილი ქალების მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ალბათობა.

„სწორედ ამიტომ, პარლამენტის გენდერული საბჭო, როგორც ქალთა და გენდერულ საკითხებზე მომუშავე მუდმივმოქმედი ინსტიტუტი, ვიწყებთ ამ თემებზე მუშაობას, კვლევას და ადვოკატირებას“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

როგორც გენდერული საბჭოს წევრმა აღნიშნა, გეგმის მიხედვით, მიმდინარე კვირის ბოლომდე, სამუშაო ჯგუფი გენდერული საბჭოს სახელით, ქალთა მიმართ ზიანის შემცირების მიზნით, რეკომენდაციებს გამოაქვეყნებს, რომელიც გაგრძელდება მთავრობასთან კოორდინაციით ამ მიმართულებით სათანადო და შეძლებისდაგვარად საჭირო ქმედებების განსახორციელებლად.