მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტში "უმრავლესობა" და "უმცირესობა" აღარ იარსებებს

5ecd1117500fe
ინგა მურუსიძე
26.05.20 17:00
1995
პარლამენტში სუბიექტები - უმრავლესობა და უმცირესობა აღარ იარსებებს, - შესაბამისი ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში.

პროექტის ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი და ირაკლი კობახიძე.

„რეგლამენტში ცვლილების განხორციელება გამოწვეულია იმით, რომ კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებით იცვლება მათ შორის, დასახელებებიც. კონსტიტუციაში წერია, სიტყვა - ოპოზიცია და არ არის უმცირესობა, შესაბამისად, ხდება პარლამენტის სტრუქტურის ოპტიმიზაცია, მათ შორის კომიტეტებისაც. ასევე, კონკრეტდება საპარლამენტო ცხოვრებაში როგორც უმრავლესობაში შემავალი ასევე, ოპოზიციაში არსებული ფრაქციების მონაწილეობა. როგორც ასეთი, სუბიექტები - უმრავლესობა და უმცირესობა აღარ იქნება. აუცილებლად იქნება ის, რომ პარლამენტის წევრების უმრავლესობა - მინიმუმ 76 პარლამენტის წევრი მთავრობას ჩამოაყალიბებს, მაგრამ უმრავლესობა, როგორც საპარლამენტო სუბიექტი, რომელსაც თავისი აპარატი ეყოლება - ეს აღარ იქნება“, - განმარტა საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, უმრავლესობაში შესვლის უფლება აქვს როგორც ფრაქციას ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრებს. ხოლო, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი ყველა ფრაქცია და უფრაქციო დეპუტატი იქნება ოპოზიცია.

რეგლამენტის ახალი პროექტით, ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრების მიერ საერთო ფრაქციის შექმნა დაუშვებელია. პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც არ შედის საპარლამენტო უმრავლესობაში, განეკუთვნება საპარლამენტო ოპოზიციას.

„ოპოზიცია იქნება ყველა ის დეპუტატი, რომელიც იქნება უმრავლესობის გარეთ. აი ეს ცვლილებები იწვევს ყველა სხვადასხვა მუხლებში ცვლილების განხორციელებას, რადგან დამოუკიდებელი დეპუტატის ნაცვლად, იქნება უფრაქციო დეპუტატი, ეს ასევე იწვევს კვოტების განაწილების წესის ცვლილებას, ასევე ვიცესპიკერების განაწილების კვოტებს და არეგულირებს კომიტეტის თავმჯდომარეების, მისი მოადგილეების განაწილების პროცესს. ძირეული ცვლილებები არის ის რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა როგორც უმრავლესობის და უმცირესობის არარსებობის და უმრავლესი წევრების შეკრების სახით, ასევე კვოტების განაწილების სახით“, - განმარტა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა.

მისი თქმით, მცირდება ვიცე-სპიკერების რაოდენობა, და იგი ჩამოვიდა სამზე, მათ შორის ერთი კვოტა არის ოპოზიციის.