მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტში საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდის კანონპროექტი შევიდა

633ac4887b549
შოთა ტყეშელაშვილი
03.10.22 16:25
1011
საქართველოს მთავრობა 2023-2026 წლებში საჯარო მოხელეთა ანაზღაურებების ზრდას გეგმავს. აგვისტოში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კერძო და სახელმწიფო სექტორების ანაზღაურებებს შორის ჩამორჩენა საგრძნობლად არის გაზრდილი, რაც საჯარო სამსახურის კონკურენტუნარიანობაზე ნეგატიურად მოქმედებს. მისი განცხადებით, 2026 წლისთვის საჯარო სამსახურში საშუალო ანაზღაურება კერძოს არანაკლებ 80% უნდა იყოს.

ამ სამიზნე მაჩვენებლის მისაღწევად ფინანსთა სამინისტრომ შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარუდგინა. დოკუმენტის თანახმად, მოხელეთა ანაზღაურებები ყოველწლიურად სპეციალური ფორმულით გადაიხედება. ყოველწლიურად ხელფასის მატება დაახლოებით 10%-ის ფარგლებში იქნება.

საქსტატის უკანასკნელი ინფორმაციით, საჯარო სექტორის საშუალო ხელფასი თვეში 1024 ლარს შეადგენს, ხოლო არასახელმწიფო სექტორის საშუალო ანაზღაურება 1,284 ლარია.

“საბაზო თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება, როგორც საქართველოს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული საბაზო თანამდებობრივი სარგო იქნება გაზრდილი:

2023 წლის პირველი იანვრიდან - არანაკლებ ბოლო ოთხ კვარტალში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული, „დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საკუთრების ფორმების მიხედვით“ სტატისტიკურ მონაცემებში, არასახელმწიფო სექტორში დაფიქსირებული ნომინალური ხელფასის წინა წლის შესაბამის პერიოდთან ზრდის საშუალო პროცენტული მაჩვენებლის ნახევრით,”- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტში.

შეგახსენებთ, 2023 წლის ბიუჯეტის კანონპროექტით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებები 378 მილიონი ლარით იზრდება და ის 2.2 მილიარდ ლარს მიაღწევს.