მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები დარეგისტრირდა

60f7e8db21975
შოთა ტყეშელაშვილი
21.07.21 13:32
1183
საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები დარეგისტრირდა - წარდგენილი ცვლილებები 19 აპრილის შეთანხმების ნაწილია და ის საარჩევნო სისტემის ცვლილებებს ითვალისწინებს. კერძოდ, მისი მეშვეობით 2024 წლამდე ჩატარებული არჩევნებისთვის ბარიერი 2%-მდე მცირდება. საკონსტიტუციო ცვლილებები ასევე გენერალური პროკურორის დანიშვნის წესს ცვლის; მისი მიხედვით, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში წერია:

"საქართველოს პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნების საფუძველზე პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 2 პროცენტი მაინც მიიღეს. პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 2 პროცენტი მაინც მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკური პარტიები.

მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები.

მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით. თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. მეორე და მესამე კენჭისყრა ტარდება შესაბამისი წინა კენჭისყრიდან არაუადრეს 28-ე დღისა და კენჭი ეყრება ერთსა და იმავე კანდიდატს. მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა ერთი წელი," - ნათქვამია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში.

განმარტებითი ბარათი:

"საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი უზრუნველყოფს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ 19 აპრილს შემოთავაზებულ შეთანხმების „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ დებულებების ასახვას საქართველოს კონსტიტუციაში. კერძოდ, საპარლამენტო არჩევნებისათვის საარჩევნო ბარიერი მცირდება 2%-მდე, 2024 წლამდე და 2024 წელს ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალური რაოდენობა განისაზღვრება 4 წევრით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს აირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით," - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.