მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტში საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის წლიური ანგარიში მოისმინეს

60f99be1ddfec
BM.GE
22.07.21 20:41
640
საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის წლიური ანგარიში მოისმინეს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარადგინა.

ეროვნული ბანკის ანგარიში ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას მოიცავს. ამასთან, ანგარიში ვრცლად მიმოიხილავს ეროვნული ბანკის იმ კონკრეტულ ქმედებებს, რომელიც მსოფლიოში არსებული კორონავირუსის პანდემიის გამოწვევებს უკავშირდება.

კობა გვენეტაძის მოხსენება იმ პრიორიტეტული მიმართულებების მიმოხილვით დაიწყო, რომლითაც საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხელმძღვანელობდა.

"მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობისა და ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობით მდგრადი მაკროეკონომიკური გარემოს შექმნის მხარდაჭერაა. ფასების სტაბილურობა, თავის მხრივ, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის ისეთი დონის არსებობას გულისხმობს, რომელიც გრძელვადიან პერიოდში მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვისაა ოპტიმალური. საშუალოვადიან პერიოდზე ფოკუსირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მიმდინარე ან მოკლევადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლისგან შეიძლება გადახრილი იყოს (როგორც ზრდის, ისე კლების მიმართულებით), თუმცა, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება, რითაც ფასების სტაბილურობა მიიღწევა", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა მსოფლიოში არსებულ გამოწვევაზე და პანდემიის ეკონომიკურ ზეგავლენაზე.

"სისტემური რისკების გამოვლენის, შეფასებისა და მონიტორინგის გზით, ეროვნული ბანკი, ამ რისკების შემცირებისთვის, საპასუხო პოლიტიკას ატარებს, რითაც ფინანსური სისტემის მდგრადობის ზრდას უწყობს ხელს. გასულ წლებში ეროვნული ბანკის მიერ დამატებითი კაპიტალის დაწესებულმა მოთხოვნებმა და კომერციული ბანკების მიერ მიღებულმა მოგებამ ბანკებს კაპიტალის ადეკვატური ბუფერების დაგროვების საშუალება მისცა და შედეგად, ისინი COVID-19-ის გამოწვევებს მომზადებული შეხვდნენ. ასევე, 2020 წელს საბანკო სისტემა პანდემიას აქტივების მდგრადი ხარისხით შეხვდა, რასაც პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციამ და სესხების დოლარიზაციის შემცირების მიზნით რიგი მაკროპრუდენციული ზომების გატარებამ შეუწყო ხელი. გასულ წლებში ლიკვიდობის გადაფარვისა (LCR) და წმინდა სტაბილური დაფინანსების (NSFR) კოეფიციენტების დაწესებამ ბანკების დაფინანსების წყაროების მდგრადობა და ლიკვიდობის ბუფერის სოლიდურობა განაპირობა. COVID-19-ის პანდემიის ქვეყნის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საზედამხედველო გეგმა შეიმუშავა. გეგმის ფარგლებში კომერციულ ბანკებს კაპიტალის მოთხოვნები შეუმსუბუქდათ",- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

კობა გვენეტაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნული ბანკის როლს ფინანსური ბაზრის განვითარების მიმართულებით. მისი თქმით საქართველოს ეროვნული ბანკი სხვადასხვა საზედამხედველო მიდგომას ავითარებს, რითაც ხელს უწყობს ფინტექ საქმიანობისათვის საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნას.

"აღნიშნულის კარგი მაგალითია ღია რეგულირების ჩარჩო, რეგულირების ლაბორატორია, ციფრული ბანკის ჩარჩო, სწრაფი გადახდები და ციფრული ლარის პროექტებზე ინტენსიური მუშაობა. პანდემიის პირობებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა დისტანციურად ფინანსური მომსახურების მიღება. რეგულირების ლაბორატორიამ ნოვატორულ ფინანსურ ინსტიტუტებს საშუალება მისცა ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე სახის გამოცნობის ტექნოლოგიები გამოეცადათ და ფინანსური მომსახურების გაწევისას გამოეყენებინათ. ასევე, დისტანციური ფინანსური სერვისების წახალისების მიზნით ეროვნულმა ბანკმა ციფრული ბანკის ლიცენზირებისათვის მზადყოფნა განაცხადა და ციფრული ბანკის ბიზნესს მოდელიდან და რისკებიდან გამომდინარე ბანკის ლიცენზირების პროცესის მოქნილობა გაზარდა. ტექნოლოგიებისა და კონკურენციის გაზრდის მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ღია ბანკინგის პროექტი", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

სებ-ის ცნობით, ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები, პოლიტიკის დროულობა და ადეკვატურობა არაერთმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა: სარეიტინგო სააგენტოებმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, მსოფლიო ბანკმა, აზიისა განვითარების ბანკმა, ევროპისა და რეკონსტრუქციის ბანკმა და სხვა.

"ასეთ რთულ და გამოწვევებით სავსე პერიოდში რეიტინგის შენარჩუნება გამოწვეულია იმ წარმატებებით, რაც საქართველომ მიმდინარე პანდემიისა და გლობალური გაურკვევლობის ფონზე, საგარეო რისკების ზრდის მიუხედავად, თანმიმდევრული მაკროეკონომიკური პოლიტიკით მიაღწია. საერთაშორისო რეიტინგების მიერ საქართველოს საინვესტიციო გარემოს ასეთი შეფასება საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას ადასტურებს. ამის მნიშვნელოვან გამოხატულებას ევრობონდების წარმატებით რეფინანსირებაც წარმოადგენს, რომლის კუპონი, მიუხედავად გლობალურად არსებული რისკებისა, 2011 წლის გამოშვებასთან შედარებით დაახლოებით 2.5-ჯერ შემცირდა (6.875%-დან 2.75%-მდე)", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გამოსვლის დასასრულს, კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი დროული, მართლზომიერი და გარემო პირობებზე მორგებული პოლიტიკის გატარებას მომავალშიც განაგრძობს, რაც ხშირად, შესაძლოა, არაპოპულარული, თუმცა აუცილებელი, ნაბიჯების გადადგმასაც მოითხოვდეს. მისი თქმით 2020 წელსაც ეროვნული ბანკის დროულმა ქმედებებმა და გატარებულმა პოლიტიკამ, არსებული უპრეცედენტო შოკის ფონზე, ეკონომიკაზე პანდემიის უარყოფითი გავლენის შერბილებაში არსებითი როლი ითამაშა.