23.იანვარი .2022 15:16

პარლამენტში ტურიზმის აღდგენის გეგმის განსახილველად თემატური მოკვლევა დაიწყო

პარლამენტში ტურიზმის აღდგენის გეგმის განსახილველად თემატური მოკვლევა დაიწყო
views 336
უკან

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კოვიდ პანდემიის პერიოდში და მის შემდგომ, ტურიზმის აღდგენის სტრატეგიის განსახილველად თემატური მოკვლევა დაიწყო: „კრიზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდში ტურიზმის სექტორის განახლებული სტრატეგია და მისი ეკონომიკური შედეგები“. როგორც “დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს” ხელმძღვანელმა, ეკატერინე ციმაკურიძემ, გადაცემა “საქმიან დილაში” აღნიშნა, თემატური მოკვლევა ახალი ინსტრუმენტია პარლამენტის ხელში, რომელიც 2018 წლიდან მოქმედებს და გულისხმობს საკითხების განხილვას და შესწავლას ყველაზე აქტუალური პრობლემების შესახებ, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.

“ანუ პარლამენტი უღრმავდება კონკრეტული მომენტისთვის აქტუალურ საკითხს და შემდეგ გასცემს რეკომენდაციებს ან კონკრეტულ დავალებებს აღმასრულებელი უწყებებისთვის. ასეთი მოკვლევები პარლამენტმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაახლოებით 15 აწარმოა, თუმცა ყველა ჯერ არ არის დასრლებული და ისევ მიმდინარეობს. ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი ერთი მხრივ იმისათვის, რომ დაინტერესებულმა სუბიექტებმა თავიანთი მოსაზრებები და კვლევები წარუდგინონ შესაბამის კომიტეტებს და მეორე მხრივ, შემდეგ უკვე კომიტეტმა კონკრეტული დავალებები და რეკომენდაციები უნდა გასცეს,” - აღნიშნა ეკატერინე ციმაურიძემ.

როგორც პარლამენტის მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციაშია მითითებული, მოკვლევის ტექნიკური პირობები დაეგზავნა საჯარო უწყებებს, ბიზნეს ასოციაციებს, სავაჭრო პალატებს, საკონსულტაციო/ანალიტიკურ კომპანიებს, უმაღლეს სასწავლებლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს/პროგრამებს. თემატური მოკვლევის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საკითხის მოსმენა, რომელზედაც კერძო სექტორიდან მოწვეულნი არიან: საქართველოს საბანკო ასოციაცია (BAG), საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი (GTIA), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TSU), პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი (PMCG), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), გალტ ენდ თაგარტი (Galt & Taggart), შპს ემ თი ეი - ყოფილი მთის კურორტების განვითარების კომპანია (MRG). ხოლო, საჯარო სექტორიდან: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (MEPA), რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (MRDI), ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია (GNTA), სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო (WINE), სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო (APA).

მოკვლევის ჯგუფი საკითხის მოსმენას გამართავს ონლაინ ფორმატში, 24 იანვარს 11:00 საათზე - კერძო სექტორთან, 12:00 საათზე - საჯარო სექტორთან. მოწვეული დაინტერესებული მხარეები დააფიქსირებენ პოზიციებსა და მოსაზრებებს, გასცემენ პასუხებს თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრების მიერ დასმულ კითხვებზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა