მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ იაფდება კრიპტოვალუტები?

627a7cef3293b
სალომე მეცხვარიშვილი
11.05.22 00:30
6245
კრიპტოვალუტების ფასები იკლებს. ყველაზე პოპულარული ვირტუალური ფულის, ბიტკოინის ფასი 9 მაისს, რამდენიმეთვიან მინიმუმამდე შემცირდა და 29 ათას დოლარს გაუტოლდა. არადა 2021 წელი კრიპტოვალუტებისთვის რეკორდული იყო. გასული წლის ნოემბერში ერთი ბიტკოინის ღირებულებამ 67 ათასი დოლარს გადააჭარბა. შემდეგ დაიწყო კლების ტენდენცია და დღეს კრიპტოვალუტის ფასი განახევრებულია.

2021 წლის ნოემბერი წარმატებული იყო ეთერიუმისთვისაც, როცა მისმა ღირებულებამ ყველა დროის მაქსიმუმს 4800 დოლარს გადააჭარბა. ახლა კი ეთერიუმის ფასი 2400 დოლარამდეა.

რატომ იაფდება კრიპტოვალუტები?

კომპანია Ambry-ში, რომელიც სწორედ კრიპტოვალუტების მიმართულებით მუშაობს, ამბობენ, რომ ვირტუალური ფულის გაუფასურებას ეკონომიკური ფაქტორები, მაღალი ინფლაცია და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი განაპირობებს.

“თავის დროზე კრიპტოვალუტების ფასების ზრდა განაპირობა ისეთი კომპანიების მხარდაჭერამ, როგორებიცაა Mastercard, Visa, რომლებმაც ერთგვარი მხარდაჭერა გამოუცხადეს კრიპტოსამყაროს - დაიწყო კრიპტოვალუტებში გადახდების მიღება და ა.შ. ამ ყველაფერმა შექმნა ის ეკოსისტემა, რომელმაც იმუშავა ბიტკოინის სასარგებლოდ”,- ამბობს Ambry-ს დამფუძნებელი ლუკა ლომსაძე.

მისი თქმით, 2021 წელს კრიპტოვალუტების ფასმა პიკს მიაღწია, რასაც შემდეგ მოჰყვა მორიგი ლოქდაუნები კორონავირუსის ომიკრონის შტამის გამო, შემდეგ კი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი.

“კრიპტოვალუტების ფასის შემცირების მთავარ მიზეზად შეიძლება სწორედ ამ კონფლიქტის გამო გამოწვეული კრიზისი დავასახელოთ: შექმნილი არასტაბილური გარემო, მათ შორის ფინანსურ სექტორში”- აცხადებს ლუკა ლომსაძე.

კრიპტობირჟა GEX-ის დამფუძნებელი სოსო ბოლქვაძე კრიპტოვალუტების ფასების შემცირებას აშშ-ის ფედერალური სისტემის გადაწყვეტილებებს უკავშირებს, რომელმაც პანდემიურ გარემოში ბაზარზე ფულის მიწოდება გაზარდა, ბოლო თვეებში დაფიქსირებული მაღალი ინფლაციის გამო კი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გზას ადგას.

“2020 წლიდან პანდემიის გამო შექმნილი კრიზისის დასაძლევად ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ გაზარდა ფულის მიწოდება ბაზრისთვის, რამაც გამოიწვია როგორც მაღალტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასის რეკორდულად ზრდა, ასევე ისეთი ინდექსების ზრდა, როგორებიცაა S&P 500 და Nasdaq - მათ ყველა დროის საუკეთესო შედეგები დააფიქსირეს.

ეს ყველაფერი შეიცვალა 2022 წლისთვის, ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ჩათვალა, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისი დაძლეულია და ფულის მიწოდების შემცირების გზით უნდათ ინფლაციის დონის დაწევაც.

ფულადი სახსრების დეფიციტი კი პირველ რიგში იწვევს მაღალრისკიანი, მაღალტექნოლოგიური კომპანიების აქციებისა და კრიპტოვალუტის ფასების შემცირებას. ეს გრძელვადიანი ტრენდი ახლაც გრძელდება”,- აცხადებს სოსო ბოლქვაძე. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში მკვეთრად არის შემცირებული ისეთი მაღალტექნოლოგიური კომპანიების აქციების ღირებულება, როგორებიცაა Tesla, Google და ა.შ. შესაბამისად, ამას გადადინების ეფექტი აქვს კრიპტოვალუტებზეც.

რაც შეეხება მომავალს, პროგნოზების გაკეთება კრიპტოვალუტების სპეციალისტებს უჭირთ, თუმცა ლუკა ლომსაძე ამბობს, რომ 2024 წლიდან დაგეგმილია ბიტკოინის მაინინგის შეზღუდვა. მისი განცხადებით, შესაძლებელი იმის ნახევარის გამომუშავება, რაც ახლა იწარმოება, შედეგად მისი ფასი უნდა გაიზარდოს.