მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარტიებმა საპარლამენტო არჩევნების პოლიტიკურ რეკლამაში 14.5 მლნ ლარი დახარჯეს - TI

6065aebc346af
BM.GE
01.04.21 15:39
679
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" 2016-2020 წლებში გამართული 4 არჩევნების ფარგლებში პოლიტიკური სუბიექტების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში სატელევიზიო პოლიტიკური რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული მონაცემები შეისწავლა. კერძოდ, გაანალიზებულ იქნა პოლიტიკური სუბიექტების მიერ აუდიტის სამსახურსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი მონაცემები. 

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2016-2020 წლებში ჩატარებულ არჩევნებს შორის პოლიტიკურ რეკლამაში ყველაზე მეტი თანხა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დაიხარჯა, რამაც ჯამში, 14.5 მლნ ლარი შეადგინა. შემოსავლების მიხედვით 4.5 მლნ ლარით კრიტიკული ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ლიდერობს, მას მცირედით ჩამოუვარდება სახელისუფლებო „იმედის“ ჰოლდინგი.

წინა წლებში სარეკლამო ბაზარზე შემოსავლის მხრივ ტელეკომპანია „იმედი“ და „რუსთავი 2“ ლიდერობდნენ. 

"წინა სამი არჩევნების დროს პოლიტიკური რეკლამის დიდი ნაწილი ძირითადად ტელეკომპანია „იმედსა“ და „რუსთავი 2“-ზე თავსდებოდა, თუმცა 2020 წელს ყველაზე მეტი რეკლამა „მთავარ არხსა“ და „იმედის“ ჰოლდინგს დაუკვეთეს. ამ ორ ტელევიზიაში სატელევიზიო რეკლამაში ჯამურად დახარჯული თანხის 58%-ია. ეს პროცენტული მაჩვენებელი კი მიანიშნებს, რომ სატელევიზიო პოლიტიკური რეკლამის განთავსების კუთხით 2020 წლის არჩევნები წინა წლებისგან განსხვავებით ნაკლებად პოლარიზებული იყო.

2020 წლის მონაცემების შესწავლის შედეგად ასევე დგინდება, რომ მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, ფასიანი პოლიტიკური რეკლამა „მთავარ არხზე“ საერთოდ არ განათავსა და რეკლამის უმეტესობა (54%) სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ ჰოლდინგში მიიტანა. თავის მხრივ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რეკლამის ძირითადი ნაწილი (88%) „მთავარ არხზე“ განათავსა და ფასიანი რეკლამა ტელეკომპანია „იმედზე“ საერთოდ არ მიიტანა.

„ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, რომელმაც 259 ათასი ლარის ღირებულების პოლიტიკური რეკლამა სახელისუფლებო ტელევიზია „პოსტვ-ზე“ განათავსა.

ტელეკომპანია „პირველზე“ ყველაზე მეტი პოლიტიკური რეკლამა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ მიიტანა, ხოლო „რუსთავი 2-ზე“ - „ქართულმა ოცნებამ“- ნათქვამია კვლევაში.

ამასთან, "საერთაშორის გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევაში ნათქვამია, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, სატელევიზიო რეკლამაში, ჯამში, 8 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. ყველაზე მეტი - 4.7 მილიონი ლარი, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, დახარჯა. მისმა მთავარმა კონკურენტმა გაერთიანებული ოპოზიციიდან „ძალა ერთობაშია“, გრიგოლ ვაშაძემ, კი - 1.7 მლნ ლარი. ყველაზე მეტი ღირებულების პოლიტიკური რეკლამა იმ დროს ოპოზიციურად განწყობილ „რუსთავი 2-ზე“ განთავსდა, მას მოსდევს „იმედი“ და ტელეკომპანია „პირველი“.

სალომე ზურაბიშვილმა რეკლამის დიდი ნაწილი ტელეკომპანია „იმედის“ ჰოლდინგში განათავსა, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ - „რუსთავი 2“-ზე. ვაშაძეს ტელეკომპანია „იმედში“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა არ განუთავსებია. ჯამში „რუსთავი 2-მა“ და „იმედმა“ წინასაარჩევნოდ სატელევიზიო რეკლამაში დახარჯული ჯამური თანხის 76%-მდე მიიღეს.

ამასთან, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პოლიტიკურმა სუბიექტებმა სატელევიზიო პოლიტიკური რეკლამისთვის 6 მილიონამდე ლარი გაიღეს, საიდანაც ყველაზე მეტი შემოსავალი „იმედის“ ჰოლდინგმა მიიღო. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ტელეკომპანია „იმედზე“ პოლიტიკური რეკლამა საერთოდ არ განუთავსებია. ამ შემთხვევაშიც პოლიტიკური სუბიექტების მიერ წინასაარჩევნო რეკლამაში დახარჯული თანხის უდიდესი ნაწილი (74%) ბაზრის ლიდერ ორ ტელეკომპანიას შორის გადანაწილდა.
2016 წელს სატელევიზიო პოლიტიკური რეკლამის ხარჯებმა 9 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, ყველაზე მეტი - 3.6 მლნ ლარის ღირებულების რეკლამა, ტელეკომპანია „იმედზე“ განთავსდა.

პოლიტიკური სუბიექტების მიერ აუდიტის სამსახურში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით ზუსტი იდენტიფიცირება არ ხდება, თუ რომელ არხზე განათავსეს პარტიებმა პოლიტიკური რეკლამა. თუმცა, არსებული მონაცემებით დგინდება, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ 32 ათასი ლარის, ხოლო პაატა ბურჭულაძის „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ 1.6 მლნ ლარის ღირებულების რეკლამა დაუკვეთეს სარეკლამო გაყიდვების სახლ „ინტერ მედიას“. „ინტერ მედია“ იმ დროისთვის ჰოლდინგ „რუსთავი 2-ის“ სრულ, ხოლო ტელეკომპანია „პირველისა“ და „კავკასიის“ სარეკლამო დროის ნაწილს ყიდდა.

პოლიტიკური რეკლამის განთავსება 2016 წელსაც პოლარიზებული იყო. მაგალითად, „ქართულ ოცნებას“ „რუსთავი 2-ზე“, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ „იმედზე“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა საერთოდ არ განუთავსებია.