მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პარტნიორობის ყველაზე ცუდი გამოცდილება“ - ქუმსიშვილი “მეტრო ჰოლდინგთან” უთანხმოებაზე

61e97e3d99be5
შოთა ტყეშელაშვილი
20.01.22 19:33
3006
2020 წლის თებერვალში “მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიამ” და შპს “ახალი საინვესტიციო შესაძლებლობებმა” 50%-50%-იანი თანამონაწილეობით სადაზღვევო ბაზარზე შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს. “მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია” ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის მიერ დაფუძნებული ჰოლდინგია, ხოლო “ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები” ეკონომიკის ყოფილ მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს ეკუთვნის. მხარეებმა თანაბარი წილებით სადაზღვევო კომპანია “კამარა” შეიძინეს და რებრენდინგის შედეგად ის ბაზარზე “გრინ დაზღვევა საქართველოს” სახელით გამოჩნდა.

კომპანიის კაპიტალში შესასვლელად “ახალმა საინვესტიციო შესაძლებლობებმა” “მეტრო ავრასიასგან” 5 მილიონი ლარის კრედიტი მოიზიდა, რომელიც სადაზღვევო კომპანიის საქმიანობისგან მიღებული დივიდენდებით უნდა დაეფარა. ამავე პერიოდში ფირმის კაპიტალად 10 მილიონი ლარი განისაზღვრა. სადაზღვევო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დიმიტრი ქუმსიშვილი დაინიშნა. მაშინ კომპანიის მიერ განვითარების გეგმად დასახული იყო, რომ “გრინ დაზღვევას” სადაზღვევო ბაზარზე TOP-ხუთეულში უნდა შეეღწია, თუმცა ასე არ მოხდა და 2021 წლის 9 თვის მდგომარეობით, კომპანია ბაზარზე ბოლო - მეთვრამეტე ადგილს იკავებს, მის მიერ მოზიდული პრემია კი 2.3 მილიონი ლარი იყო.

დღეს “მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიამ” გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანია დიმიტრი ქუმსიშვილთან ყველანაირ პარტნიორულ ურთიერთობას შეწყვეტს. ამასთანავე, მეტრო ჰოლდინგი მიიჩნევს, რომ ქუმსიშვილის მიერ “ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების” 100%-იანი წილის გასხვისება “საეჭვოს” წარმოადგენს.

“მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას” განცხადებას გამოეხმაურა დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელმაც BMG-სთან საუბარში განაცხადა, რომ “მეტრო ჰოლდინგს” საერთოდ არ აქვს სურვილი, რათა “გრინ დაზღვევა საქართველო” განვითარდეს, ამას ადასტურებს ისიც, რომ ჰოლდინგმა არაერთხელ განაცხადა უარი განვითარების იმ სტრატეგიაზე, რომელიც ქუმსიშვილის მიერ იყო შემუშავებული, უშედეგო მცდელობების შემდეგ კი გადაწყვიტა სადაზღვევო კომპანიაში საკუთარი წილი გაესხვისებინა. მისი თქმით, გარკვეულ პერიოდში კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსაც დატოვებს.

“ეს იყო პარტნიორობოს ყველაზე ცუდი გამოცდილება, რაც კი ოდესმე მქონია,”- ამბობს ქუმსიშვილი გალიფ ოზთურქის საინვესტიციო ჰოლდინგზე. მისი განმარტებითm თავდაპირველად სწორედ ოზთურქმა მიიწვია "გრინ დაზღვევაში" მეწილედ და გამართულ შეხვეხდრაზეც ოზთურქი საუბრობდა მნიშვნელოვან შედეგებზე, რომლისთვისაც სადაზღვევო კომპანიას უნდა მიეღწია, თუმცა შემდგომ “მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიამ” უარი თქვა კომპანიის განვითარებაზე.

2022 წლის 14 იანვარს “გრინ დაზღვევა საქართველოს” 50%-ის მფლობელი კომპანია “ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების” 100%-იანი წილი დიმიტრი ქუმსიშვილმა გიორგი ყავლაშვილს გადასცა.

“ჩვენი ურთიერთობა დაიწყო იმით, რომ მე გალიფ ოზთურქისგან მივიღე წინადადება ამ წამოწყებაში მონაწილეობისთვის, რომ ის გააფორმებდა სესხს ჩემს კომპანიაზე, რომელი სესხითაც მე შევიძენდი უკვე ამ კომპანიაში წილს, ანუ ჩემი კომპანია შეიძენდა წილს. ნამდვილად ასე მოხდა. ოღონდ სასესხო ხელშეკრულებაში მე მკაფიოდ და ცალსახად ჩავწერე, რომ სესხის გასტუმრების წყარო უნდა ყოფილიყო კომპანიის ოპერირებით მიღებული დივიდენდები, რადგანაც მე სხვა წყარო არ გამაჩნია. შესაბამისად, ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაცია იყო სწორედ ის, რომ ამ კომპანიას ემუშავა და შესაბამისი მოგება დაეგენერირებინა, რათა სესხი გაესტუმრებინა.

5 წლის თავზეა ამ სესხის გასტუმრების ვადა; როცა დავიწყეთ მუშაობა, პირველ წელს ძალიან მოვინდომე, თუმცა ვერაფერი გავაკეთე, რადგან არაფერი გამაკეთებინეს. მეორე წლის ბოლოს წარვადგინეთ განვითარების ძალიან კარგი გეგმა, რაც იძლეოდა შესაძლებლობას, რომ კომპანიას დაეგენერირებინა შესაბამისი მოგება და დივიდენდებით გაესტუმრებინა ეს სესხი 5 წლის თავზე.

მას შემდეგ, ერთ თვეში მივიღეთ “ვითომ” თანხმობა, მაგრამ მას შემდეგ ერთ თვეში ყველაფერი შეწყდა; თან შეწყდა ისე კი არა, რომ ოფიციალურად ყოფილიყო, უბრალოდ, გენერალურმა მენეჯერმა მიიღო მესიჯი, რომ ყველაფერი დაპასუზებულიყო. ამან ჩემში გამოიწვია ძალიან დიდი კითხვები; დავიწყე ამ ამბის გარკვევას, ვეცადე თუმცა საბლოო ჯამში, მაინც ვერ გავარკვიე ეს ამბავი თუ რატომ შეჩერდა ეს გეგმა და 2020 წლის ბოლოს რომ წარვადგინეთ ეს გეგმა მას შემდეგ ერთ წელზე მეტი გავიდა და არაფერი განხორციელებული არაა.

როდესაც კომპანიას აქვს სესხი და განჭვრეტ, რომ ერთი წელი გავიდა, მეორე წელი გადის და ხედავ, რომ კომპანია არ ვითარდება, ხომ აკეთებ აქედან ლოგიკურ დასკვნებს?! მეც გავაკეთე დასკვნები და მოვძებნე ადამიანი, რომელიც გახდა ბენეფიციარი მფლობელი და ის აქტიურად ჩაერთვება კომპანიის განვითარებაში.

კომპანიას დღეს აქვს 10 მილიონის საწესდებო კაპიტალი და 12.5 მილიონია კაპიტალი გაუნაწილებელი მოგებიანად, მაგრამ თუ ოპერაციებს არ ახორციელებ, შეიძლება გჭირდება რვა მილიონი ან 8,2 მილიონი და არა 12.5 მილიონი. შესაბამისად, შეიძლება 12.5 მილიონი შემცირდეს 8 მილიონამდე და ამ კაცს (გალიფ ოზთურქს) დაუბრუნდეს ფული, რომელიც ნასესხები ჰქონდა ჩემ კომპანიას, ახლა უკვე სხვის კომპანიას და შესაბამისად, შეამცირებდა ვალდებულებას მათ მიმართ. ამ ნაწილზეც მათ ვერ მიიღეს გადაწყვეტილება. კაპიტალი დიდია, თუმცა ამხელა კაპიტალი არაა საჭირო, რატომ უნდა გედოს ყველაზე ძვირი ფული თუკი ოპერაციებს არ აკეთებ? თუ არ აკეთებ ჯანმრთელობის დაზღვევას ან სხვა სერვისებს.

ჩემთვის ეს იყო ყველაზე ცუდი გამოცდილება პარტნიორობის, რაც კი ოდესმე მქონია.

თუკი მომეცი სესხი, სადაც ჩავწერეთ რომ მისი დაფარვის წყაროა დივიდენდი, მაშინ ყველაზე დიდი მოტივაცია მაქვს, რომ ვიმუშაო და განვავითარო. თუ არ მიმიშვებ და ერთი წელი არ მამუშავებ და მეორე წელი არ მამუშავებ, შესაბამისად, მე რაღაც სხვა გადაწყვეტილებას მივიღებ და მოვძებნი ადამიანს, ვინც ჩემს მაგივრად უკეთესად გაართმევს თავს.

ამ ადამიანებს რატომაც არ ვაწყობდი და დღესაც არ ვაწყობ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ, თუმცა ცოტა ხანი აუცილებლად გავჩერდები, სანამ ყველაფერს ბოლომდე არ დავაფიქსირებ.

დღეს მათ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა ჩაატარეს ძალიან უცნაური სადაც თქვეს, რომ კომპანია არ უნდა განვითარდესო.

- ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ სადაზღვევო ბიზნესზე აქვთ?

ხომ უცნაურია, ხან 250 მეტრიან ცატამჯენებს ვაშენებთ და ხან კილომეტრიანებსო და აქ კი პანდემიური ვითარებაა და არაფერი არ უნდა გაკეთდესო, ეს კი მაშინ როდესაც სადაზღვევო სექტორიც იზრდება და სიტუაციაც იმედისმომცემია,” - აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი.

BMG სადაზღვევო კომპანიის ახალ აქციონერს, გიორგი ყავლაშვილსაც ესაუბრა. მისი თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ “მეტრო ავრასიას” განზრახვაა, რომ “გრინ დაზღვევა საქართველოს” დაბალი შედეგების გათვალისწინებით, “ახალმა საინვესტიციო შესაძლებლობებმა” ვერ შეძლოს კომპანიის მიმართ არსებული 5-მილიონიანი ვალის მომსახურება, რასაც ამ უკანასკნელის მიერ წილის დაკარგვა მოყვება.

“ნამდვილად არ ვარ სასამართლო დავაზე ორიენტირებული, მინდა, რომ ეს ყველაფერი მივიტანო მეორე აქციონერის ყურამდე და დავარწმუნო იმაში, რომ ეს კომპანია იძლევა იმის შესაძლებლობას რაც თავიდან იქნა დასახული, რომ ჩვენც მოგვეცეს, როგორც აქციონერებს შესაძლებლობა, რომ ვალდებულებებს მოვემსახუროთ და გავისტუმროთ ის ფინანსური ვალდებულებები, რაც ამ აქციების შეძენას მოყვა. შედეგად, ბატონი დიმიტრი აღმოჩნდა პრაქტიკულად გაუგებარ სიტუაციაში, რადგანაც მან ბიზნესის განვითარების ნაცვლად, მოუწია თავის დაცვა ასეთი უცნაური ზეწოლებისგან, რომლებიც იქითა მხარისგან ხორციელდება და მიმართულია იმისკენ რასაც მიაღწიეს კიდეც, რომ მიაღებინეს გადაწყვეტილება დაეტოვებინა აქციონერთა რიგები.

პოზიცია, რომ კომპანია არ განვითარდეს ემსახურება იმას, რომ “ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს” რაც აქვს სესხი მოზიდული დაახლოებით 5 მილიონი ლარის ოდენობით, იმისთვის, რათა ეს წილი შეეძინა, რაც უნდა დაიფაროს გასტუმრებული დივიდენდებიდან. თუკი კომპანიას არ მიეცემა განვითარების შესაძლებლობა და ვერ გამოიმუშავებს დივიდენდებს, მაშინ ვერ გაისტუმრებს ამ ვალს, რაც მომავალში შეიძლება გახდეს კომპანიაში ამ აქციების დაკარგვის მიზეზი.

აქედან გამომდინარე, სხვა ახსნას უბრალოდ ვერ ვუძებნით მათ დამოკიდებულებას და ეს მოქმედება მიმართულია იქითკენ, რომ კომპანიამ დაკარგოს წილი და ამ აქციებს დაესაკუთრება უკვე მეორე მხარე,” - ამბობს გიორგი ყავლაშვილი.

BMG შეეცდება “ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების” მფლობელის განცხადების შესახებ “მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას” პოზიცია მოისმინოს.