06.ივლისი .2022 23:41

ახალი რეგლამენტი ბიზნესისთვის დიდ დანახარჯებს არ გამოიწვევს - ნიკა ნანუაშვილი

ახალი რეგლამენტი ბიზნესისთვის დიდ დანახარჯებს არ გამოიწვევს - ნიკა ნანუაშვილი
views 552
უკან

საქართველოს ბიზნესასოციაციის იურიდიული დირექტორის, ნიკა ნანუაშვილის განცხადებით, სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნების შესრულება, რომლის შესახებაც რეგლამენტი მთავრობამ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა, ბიზნესისთვის დიდ დანახარჯებს არ გამოიწვევს.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ შენობებზე, რომელიც უკვე აშენებულია, და ასევე, იმ შენობებზეც, რომელთა მშენებლობისთვისაც ნებართვა გაცემულია დადგენილების ამოქმედებამდე, ეს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან დანახარჯებთან არ იქნება დაკავშირებული.

ამასთან, როგორც მან გადაცემა "საქმის კურსში" განაცხადა, რეგლამენტის პროქტი გავლილია კერძო სექტორთან და ამ საკითხზე კონსულტაციები დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„მიღებული რეგლამენტი თავდაპირველი ვერსიისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, ვინაიდან გზადაგზა ამ მან ადაპტაცია განიცადა საჭიროების მიხედვით. მისი მიღება ერთი მხრივ გამოწვეული იყო ევროკავშირთან ასოცირების პროცესში აღებული ვალდებულებებით, მეორე მხრივ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებით გათვალისწინებული ვალდებულებებით. მთავარი ისაა, რომ მთავრობის დადგენილება რაიმე ისეთ ახალ და რთულად შესასრულებელ მოთხოვნებს არ უწესებს ბიზნესის 99%-ს, მათ პრინციპში არაფრის შეცვლა არ მოუწევთ. 1%-ი კი არის ჩემი მხრიდან დაშვება, რომ რომელიღაც ბიზნესს შეიძლება ამ მინიმალური სტანდარტების გათვალისწინებით სამუშაო ადგილი არ ჰქონდეს. ეს არის ძალიან მინიმალური მოთხოვნები, მაგალითად, სამუშაო სივრცეს რომ უნდა ჰქონდეს ფანჯარა ან ხელოვნური ვენტილაცია. უნდა ჰქონდეს სინათლის წყარო, უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასმელი წყლით და ა.შ.“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, როგორც რეგლამენტში წერია, დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დახურულ სამუშაო სივრცეს უნდა გააჩნდეს საკმარისი ფართი და სიმაღლე. მაგალითად, სამუშაო სივრცეში ღია, თავისუფალი ადგილები ისეთი ზომის უნდა იყოს, რომ დასაქმებულებმა იოლად შეძლონ გადაადგილება და სამუშაოს შესრულება. თუ აღნიშნული სტანდარტის დაცვა შეუძლებელია, მაშინ დასაქმებულებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი სამოძრაო სივრცე სამუშაო ადგილის სიახლოვეს.

თითოეული დასაქმებულისთვის თავისუფალი სივრცე უნდა იყოს მინიმუმ 2 კვ.მ.

ახალი მოთხოვნები ასევე ეხება კარს, ჭერს, კედლებს, ელექტრომოწყობილობებს და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ახალი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგს შრომის ინსპექცია განახორციელებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა