04.ივნისი .2020 14:56

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ამოქმედებამ მშპ-ის ზრდის ტემპი 0.6 პპ-ით გაზარდა - სებ

views 336
უკან

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულების ამოქმედებამ 2019 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი დაახლოებით 0.6 პპ-ით გაზარდა,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ეროვნული ბანკის 2019 წლის წლიური ანგარიშის განხილვაზე განაცხადა, რომელიც საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მიმდინარეობს.

სებ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს ამოქმედებამ შეამცირა მაღალი საკრედიტო ტვირთის მქონე სესხები.

„ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანაა, რისთვისაც მაკროპრუდენციულ პოლიტიკას ვახორციელებთ. სისტემური რისკების გამოვლენის, შეფასებისა და მონიტორინგის გზით, ეროვნული ბანკი ამ რისკების შემცირების საპასუხო პოლიტიკას ახორციელებს, რითაც ფინანსური სისტემის მდგრადობას უზრუნველყოფს. 2019 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს ამოქმედებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ფინანსური სტაბილურობის რისკები მნიშვნელოვანწილად შეამცირა. კერძოდ, გაუმჯობესდა სესხის მომსახურების და უზრუნველყოფის კოეფიციენტები და, შედეგად, შემცირდა მაღალი საკრედიტო ტვირთის მქონე სესხები, რომლებიც მოსახლეობისთვის ფინანსური პრობლემების მთავარი წყარო იყო. ამასთან, ფიზიკური პირების დაკრედიტებაში იზრდებოდა ლარით გაცემული სესხების წილი, რაც მოსახლეობის მეტ დაცულობას უზრუნველყოფდა.

გარდა ამისა, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დამკვიდრებით, ხელი შეეწყო სესხების გადამისამართებას უფრო პროდუქტიულ სექტორებში, როგორებიცაა მცირე და საშუალო მეწარმეობა და სხვა ბიზნეს სესხები. აღნიშნულმა გადამისამართებამ ეკონომიკის ზრდას შეუწყო ხელი, რადგან, როგორც ცნობილია, ბიზნეს სესხები, სამომხმარებლო სესხებთან შედარებით, ეკონომიკაში უფრო მეტ დამატებით ღირებულებას ქმნის.

ეროვნული ბანკის შეფასებით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულების ამოქმედებამ 2019 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი დაახლოებით 0.6 პპ-ით გაზარდა. რაც შეეხება დაკრედიტების დინამიკას, ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაციის ამოქმედების შედეგად, სესხების ზრდის ტემპი მდგრად დონეს დაუბრნუდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ წინა წლების მაღალი ზრდის ტემპების ხარჯზე, სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებდა.

ქმედითი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მაკროპრუდენციული პოლიტიკის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაკროპრუდენციული პოლიტიკის სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც 2019 წლის 18 სექტემბერს გამოქვეყნდა. სტრატეგია ეროვნული ბანკის მაკროპრუდენციული პოლიტიკის განხორციელების ძირითად პრინციპებს ასახავს,“ -განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.