მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პატარიძის რაჭულის“ ღვინო, შესაძლოა, ექსპორტზე ჰონგ-კონგსა და ლონდონში გავიდეს

645a45dc4b3ed
სალომე ხიდურელი
10.05.23 21:34
723
მეღვინეობა „პატარიძის რაჭული“ პროდუქციის ლონდონსა და ჰონგ კონგში გატანაზე მუშაობს. კომპანიის საექსპორტო გეგმების შესახებ BM.GE-ს მისმა დამფუძნებელმა, შორენა პატარიძემ განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე წარმოების 80% უცხოეთში გადის.

„ავსტრიულ-შვედური ფონდის - „გრეტას“ - დაფინანსებით, წელს მივდივართ ლონდონში გამოფენაზე, სადაც დაგვხვდება იმპორტიორი კომპანია, რომელსაც ჩვენი ღვინისადმი ინტერესი უკვე აქვს და ვფიქრობთ, რომ სულ მალე ლონდონის ბაზარსაც ავითვისებთ. გარდა ამისა, პოლონეთშიც ვიყავით და ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. ჰონგ-კონგმა სატესტოდ უკვე წაიღო ჩვენი ღვინო და გამოფინა კიდეც, იქაურ საზოგადოებას მოეწონა და უკვე ველოდებით ხელშეკრულებას“, - აღნიშნავს შორენა პატარიძე.

აქამდე, „პატარიძის რაჭული“ ექსპორტზე იტალიაში, საფრანგეთში, აშშ-სა და ისრაელშიც გადიოდა. როგორც მეღვინეობის დამფუძნებელი აღნიშნავს, იქიდან გამომდინარე, რომ მარანი წარმადობის რაოდენობაში შეზღუდული არ არის, იგეგმება, რომ მათი ღვინის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზეც გაიზარდოს.

„შესაძლებლობა გვაქვს, რომ წარმოების 70% უცხოეთში გავიტანოთ, თუმცა ვიზრუნებ იმაზე, რომ საქართველოში ღვინის ბაზრის განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო. ვისურვებდი, რომ უცხოელი ტურისტი უფრო მეტად დავაინტერესოთ ადგილობრივი ღვინით, რადგან ეს გააჩენს მეტ შემოსავალს სექტორისთვის, რაც თავისთავად ძალიან კარგი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის“, - აღნიშნავს შორენა პატარიძე.

„პატარიძის რაჭული“ სოფელ აბანოეთში, ბაბუის მარანში დაიწყო, თუმცა გასულ წელს სოფლის განვითარების სააგენტოსგან კომპანიამ 0.5 მლნ. ლარის დაფინანსება მოიპოვა და, როგორც დამფუძნებელი განმარტავს, ეს ინვესტიცია ახალი მაღალტექნოლოგიური საწარმოს აშენებაში ჩადეს, სადაც მაქსიმალურადაა დაცული საერთაშორისო სტანდარტები.

„სოფლის განვითარების სააგენტოსგან მივიღე დაფინანსება და ავაშენეთ დიდი მარანი, იქიდან გამომდინარე, რომ ბაბუის მარანი აღარ იყო საკმარისი. გვინდა, დაცული გვქონდეს საერთაშორისო სტანდარტები. გვაქვს ISO სერტიფიკატი, რომელიც HACCP-საც მოიცავს. ახალ მარანს უფრო მეტი ტექნიკური შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ ხარისხიანი ღვინო ვაწარმოოთ. 2024 წელს უკვე გვექნება საერთაშორისო ბიო-სერტიფიცირება. ეს პროცესი 4-წლიან გარდამავალ პერიოდს მოიცავს და მეოთხე წლიდან (ჩვენთვის 2024-დან) ღვინის ბოთლებზე ბიო-ნიშნულებსაც დავიტანთ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს პატარიძე.

„პატარიძის რაჭულის“ დამფუძნებელი კომპანიის წარმადობას არ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება სრულად შეუძლიათ. ამ ეტაპზე, მეღვინეობა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნისაგან დაწურულ ვარდისფერ მშრალ და წითელ მშრალ ღვინოს აწარმოებს.