მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PEGAS Touristik Georgia: საქართველოდან ევროპაში მოგზაურობაზე მოთხოვნა არ არის

6094162ebc37b
ინგა მურუსიძე
07.05.21 10:10
674
ტურისტული კომპანია PEGAS Touristik Georgia-ის კომერციული დირექტორის სალომე ბერაიას თქმით, ტურისტული კომპანია მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე ქართველ ტურისტებს მხოლოდ თურქეთში წაიყვანს, ხოლო შემოდგომიდან უკვე სხვა ქვეყნებსაც განიხილავს. ამის შესახებ მან bm.ge-ს განუცხადა.

"ჩვენ უკვე დავიწყეთ საზაფხულო ჩარტერული პროგრამის დამუშავება, უკვე დამტკიცებულიც არის და ფრენებზე დასტური გაცემულია. ოფიციალური დასტური გვაქვს, რომ 13 ივნისიდან თბილისი-ანტალიის მიმართულებით იქნება პირველი ჩარტერული ავიარეისი, ხოლო 18 ივნისს ბოდრუმის მიმართულებით. ჩვენი კომპანია ქართველ დამსვენებელს ტურებს ანტალიის, ბოდრუმის, მარმარისის და ქუშადასის მიმართულებით შესთავაზებს", - განაცხადა სალომე ბერაიამ.

მისივე თქმით, თურქეთში საქართველოს მოქალაქეებს მოგზაურობისთვის მხოლოდ PCR-ტესტის წარდგენა დასჭირდებათ და ამის საფუძველზე დაისვენებენ, ხოლო საქართველოში წამოსვლისას თურქეთში შეუძლიათ აიღონ იგივე PCR-ტესტი და დაბრუნდნენ სამშობლოში, თუმცა ეს სავალდებულო არ არის.

კითხვაზე, არის თუ არა უკვე ჯავშნები და მოთხოვნა თუნდაც თურქეთში მოგზაურობაზე, სალომე ბერაია პასუხობს, რომ ზოგადად ნაადრევი ჯავშნების კონცეფცია ვერ მუშაობს, რადგან მოქალაქეებმა ზუსტად არ იციან, ფრენები შესრულდება თუ არა, რის გამოც თავს იკავებენ.

"რომ გითხრათ, მოთხოვნა დიდია და ვერ ავუდივართ-თქო, ტყუილი იქნება. ველოდებით გაყიდვას უშუალოდ ფრენების მოახლოების წინ, როცა ადამიანები ნახავენ, რომ ნამდვილად სრულდება ავიარეისები, ტურებსაც შეიძენენ. ამ სეზონზე წინასწარ დაგეგმვა შეუძლებელია", - განაცხადა მან.

რაც შეეხება ევროპას, როგორც სალომე ბერაია ამბობს, ევროპაზე მოთხოვნა შემცირებულია, მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.

"ევროპაზე მოთხოვნა არ არის. რადგან იქაც ცუდი სიტუაციაა და ფრენებიც არ არის სტაბილური. ეკონომიკური მდგომარეობაც მძიმეა. 2019 წელს მოთხოვნა ძალიან დიდი იყო და იმდროინდელი მონაცემების დასმაზე ოცნებაც კი წარმოუდგენელია. ჩვენი მიზანია, რომ 20%-იანი მაჩვენებელი მაინც დავიბრუნოთ. არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რომ იმ წერტილიდან გავაგრძელებთ მუშაობას, სადაც გავჩერდით", - განაცხადა მან და დასძინა, რომ შემოდგომიდან მომსახურებას სხვა მიმართულებებიც დაემატება, მათ შორის დუბაი, ეგვიპტე და ა.შ. თუმცა ამ ზაფხულს არა.

რაც შეეხება ფასებს, ტურისტული კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მათ მიერ შეთავაზებული ტურების ფასები უცხოურ ვალუტაში არ შეცვლილა, თუმცა ლარში კურსის ცვალებადობის გამო შეიცვალა.

"ჩვენ ვართ საერთაშორისო კომპანია და ფასები გვაქვს დოლარში, ან ევროში და მისი კონვერტაცია ქმნის ფასთაშორის სხვაობას", - აღნიშნა მან.