მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პენსიების გაცემის ტენდერის საბოლო ეტაპზე მონაწილეობა აღარ მივიღეთ - "საქართველოს ბანკი"

6284b9b4def9b
შოთა ტყეშელაშვილი
18.05.22 13:20
1844
პენსიებს მომდევნო 7 წლის განმავლობაშიც “ლიბერთი ბანკი” დაარიგებს. 105-მილიონიან ტენდერში ერთადერთი პრეტედენტი “ლიბერთი ბანკი” იყო და შესაბამისად, სახელმწიფო კონტრაქტს სწორედ მასთან გააფორმებს.

ტენდერის მომზადების პროცესში “საქართველოს ბანკი” მასში მონაწილეობას განიხილავდა და როგორც დაინტერესებულ ბანკს, ჯანდაცვის სამინისტროსთანაც ჰქონდა კომუნიკაცია, თუმცა საბოლოოდ, ბანკმა საკუთარი განაცხადი არ წარადგინა.

“ჩვენ პროცესში ვიყავით ჩართული, თუმცა ბოლო ეტაპზე აღარ მიგვიღია მონაწილეობა. დასაწყისში პირველ ეტაპზე ვიყავით მონაწილეები", - განუცხადა BMG-ის “საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

პენსიების გაცემის ახალ ტენდერში პირობით განსაზღვრული იყო ის საპროცენტო განაკვეთიც, რომლითაც საპენსიო სესხები უნდა გაიცეს. ეს განაკვეთი დგინდება თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთიდან, რაც ამჟამად 10.8%-ს შეადგენს, მაქსიმალური ფასნამატი კი 15%-ია. შესაბამისად, საპენსიო სესხის მაქსიმალური განაკვეთი 25.8% იქნება. ამჟამად კი ეს განაკვეთი საშუალოდ 35%-ია.

სტატისტიკის მიხედვით, 370,000 პენსიონერს 342 მილიონი ლარის ღირებულების საპენსიო სესხი აქვს აღებული.

“ლიბერთი ბანკი” სოციალურ გასაცემლებს 2001 წლიდან არიგებს. ბანკი მიიჩნევს, რომ მას პენსიების დარიგებისთვის კონკურენტული უპირატესობა აქვს, რადგანაც ამისთვის ქვეყნაში ყველაზე ფართო მომსახურების ქსელი აქვს.