მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პენსიების გაცემის ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ "ლიბერთი ბანკმა" მიიღო

6284c2ff33702
შოთა ტყეშელაშვილი
18.05.22 14:07
2240
პენსიებს მომდევნო 7 წლის განმავლობაშიც “ლიბერთი ბანკი” დაარიგებს. 105-მილიონიან ტენდერში ერთადერთი პრეტედენტი “ლიბერთი ბანკი” იყო და შესაბამისად, სახელმწიფო კონტრაქტს სწორედ მასთან გააფორმებს.

BMG-ის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ განუცხადა, რომ კვირის ბოლოს "ლიბერთი" ოფიციალურად გამოვლინდება ტენდერში გამარჯვებულად.

"ერთადერთი ბანკი იყო "ლიბერთი", რომელმაც მიიღო მონაწილეობა და ყველა პირობა დაკმაყოფილებული ჰქონდა. კვირის ბოლოს უკვე გამოვავლენთ გამარჯვებულს. ამჟამად წარდგენილი დოკუმენტების ხარისხობრივი შეფასება მიმდინარეობს. პარასკევს უკვე მზად ვიქნებით, რომ პროცედურულადაც გავაოფიციალუროთ ტენდერის შედეგი.

ჩვენ გვქონდა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო "ლიბერთი ბანკმა" და "თიბისი ბანკმა", ასევე "საქართველოს ბანკისგანაც" მივიღეთ წერილობით შეკითხვები, თუმცა რატომ არ მიიღეს საბოლოოდ ტენდერში მონაწილეობა, ეს ჩვენთვის უცნობია", - განაცხადა თამარ ბარკალაიამ. 

პენსიების გაცემის ახალ ტენდერში პირობით განსაზღვრული იყო ის საპროცენტო განაკვეთიც, რომლითაც საპენსიო სესხები უნდა გაიცეს. ეს განაკვეთი დგინდება თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთიდან, რაც ამჟამად 10.8%-ს შეადგენს, მაქსიმალური ფასნამატი კი 15%-ია. შესაბამისად, საპენსიო სესხის მაქსიმალური განაკვეთი 25.8% იქნება. ამჟამად კი ეს განაკვეთი საშუალოდ 35%-ია.

სტატისტიკის მიხედვით, 370,000 პენსიონერს 342 მილიონი ლარის ღირებულების საპენსიო სესხი აქვს აღებული.

“ლიბერთი ბანკი” სოციალურ გასაცემლებს 2001 წლიდან არიგებს. ბანკი მიიჩნევს, რომ მას პენსიების დარიგებისთვის კონკურენტული უპირატესობა აქვს, რადგანაც ამისთვის ქვეყნაში ყველაზე ფართო მომსახურების ქსელი აქვს.