მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პენსიებს ისევ "ლიბერთი" დაარიგებს: კომისიამ ბანკი ტენდერში გამარჯვებულად დაასახელა

62875c0e210a2
შოთა ტყეშელაშვილი
20.05.22 13:19
919
პენსიებს მომდევნო 7 წლის განმავლობაშიც “ლიბერთი ბანკი” დაარიგებს. 105-მილიონიან ტენდერში ერთადერთი პრეტედენტი “ლიბერთი ბანკი” იყო და შესაბამისად, სახელმწიფო კონტრაქტს სწორედ მასთან გააფორმებს. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის სატენდერო კომისიამ დღეს მიიღო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბანკთან ოფიციალური კონტრაქტი 10 დღის ვადაში გაფორმდება.

"სს "ლიბერთი ბანკის" მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად შეესაბამება და აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს. სს "ლიბერთი ბანკი" გამოვლინდეს გამარჯვებულად "ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების წესის" შესაბამისად", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში. დოკუმენტს სატენდერო კომისიასთან ერთად ხელს აწერენ ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, სებ-ის ვიცეპრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.

პენსიების გაცემის ახალ ტენდერში პირობით განსაზღვრულია ის საპროცენტო განაკვეთიც, რომლითაც საპენსიო სესხები უნდა გაიცეს. ეს განაკვეთი დგინდება თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთიდან, რაც ამჟამად 10.8%-ს შეადგენს, მაქსიმალური ფასნამატი კი 15%-ია. შესაბამისად, საპენსიო სესხის მაქსიმალური განაკვეთი 25.8% იქნება. ამჟამად კი ეს განაკვეთი საშუალოდ 35%-ია.

სტატისტიკის მიხედვით, 370,000 პენსიონერს 342 მილიონი ლარის ღირებულების საპენსიო სესხი აქვს აღებული.

2022 წლის მდგომარეობით, საქართველოში ასაკობრივ პენსიას 794 ათასი ადამიანი, საარსებო შემწეობას კი 652 ათასი ადამიანი იღებს.