მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პენსიის ჩანაცვლების მაჩვენებლით საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს ჩამორჩება

62ab19dd55093
მარიამ ვარადაშვილი
16.06.22 16:44
3179
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფო საბაზისო პენსიის ოდენობა და პენსიის ჩანაცვლების კოეფიციენტი საქართველოში კვლავ დაბალია. ამის შესახებ საუბარია ორგანიზაციიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც 2017-2021 წლებში საქართველოში საპენსიო სისტემას ეხება.

კვლევაში საქართველოში არსებული პენსია საშუალო ხელფასთან არის შედარებული. პენსიის ჩანაცვლების კოეფიციენტი აჩვენებს საბაზისო პენსიის შედარებას საშუალო ხელფასთან და ასახავს, თუ როგორ შეუძლია ადამიანს პენსიაზე გასვლის შემდეგ შეინარჩუნოს ცხოვრების დონე. გაანალიზებულ პერიოდში პენსიის ჩანაცვლების მაჩვენებელი მერყეობდა 16.5%-დან 18.5%-მდე. აღნიშნული მაჩვენებელი სხვა ქვეყნებს რომ შევადაროთ, 2020 წელს საქართველოში პენსიის ჩანაცვლების მაჩვენებელი 18.5% იყო, სომხეთში იგივე მაჩვენებელი 23%, ხოლო აზერბაიჯანში - 43%. OECD-ის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი ბევრად მაღალია და 62%-ს შეადგენდა.

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, საბაზისო პენსიისა და ჩანაცვლების კოეფიციენტის დაბალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, მთავრობამ 2020 წელს პენსიების ინდექსაციის კანონი მიიღო. პენსიის ინდექსაციის მიხედვით, 70 წლამდე პენსიონერების პენსია ყოველწლიურად გაიზრდება წლიური ინფლაციის ოდენობით (მინიმუმ 20 ლარით). ხოლო 70 წლის და უფროსი ასაკის პენსიონერების კი ინფლაციის 80%-ით (მინიმუმ 25 ლარით).

კვლევის მიხედვით, რომ 2017 წლიდან 2022 წლამდე გაიზარდა პენსიის მიმღებთა რაოდენობა. შესაბამისად, გაიზრდა სახელმწიფო ასიგნებები სახელმწიფო პენსიებზე. აღსანიშნავია, რომ გაანალიზებულ პერიოდში სახელმწიფო პენსიის ოდენობა ლარში გაიზარდა. თუმცა, ლარის გაუფასურების გამო, ის დოლარში უცვლელი დარჩა. ამიტომ, სახელმწიფო პენსიის მსყიდველუნარიანობის და პენსიის ჩანაცვლების კოეფიციენტის არსებული დონის შესანარჩუნებლად, საქართველოს მთავრობამ, 2020 წელს, შემოიღო პენსიის ინდექსაცია.

"ამასთან, საპენსიო სისტემის მდგრადობის უზრუნველსაყოფად 2018 წელს დაინერგა დაგროვებითი საპენსიო სქემაც. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ რეფორმის საწყის ეტაპზე 40 და მეტი წლის ასაკის პირთა 42% გამოვიდა სისტემიდან , იმის შანსი, რომ დაგროვებითმა საპენსიო სქემამ მნიშვნელოვანი ეფექტი იქონიოს პენსიონერების ცხოვრების დონეზე, შესაძლოა დაბალი იყოს",- წერია კვლევაში.