მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პენსიის დარიგების ახალ კონკურსში ბევრი ბანკი არ მიიღებს მონაწილეობას, ეს მათთვის წამგებიანი იქნება – ფინანსისტი

620b9315cc80d
სალომე ჭიპაშვილი
15.02.22 16:07
1729
„დადასტურდა, რომ ის საპროცენტო განაკვეთი, რაშიც „ლიბერთი ბანკი“ სამომხმარებლო სესხებს გასცემდა საბაზრო იყო“, - ასე შეაფასა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ფინანსისტმა ირაკლი ერაძემ ბანკის სამომხმარებლო სესხების საპროცენტო განაკვეთი.

„შესაბამისი ასაკისა და რისკჯგუფების მოქალაქეებს არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის საპროცენტო განაკვეთი სხვა ბანკებშიც მეტნაკლებად იგივე პროცენტში ჰქონდათ. მთავრობის ახალი ინიციატივით, რომელიც საპროცენტო განაკვეთის დაწევას გულისხმობს, ვცდილობდი დამეთვალა, ფულში გამოხატული რა იქნებოდა ეს სხვაობა. საშუალოდ წელიწადში 30-40 ლარის შეღავათზეა საუბარი, რაც, რათქმაუნდა შეღავათია ისეთ გაჭირვებული ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა და ისეთი სეგმენტისთვის, როგორიც პენსიონერია. მე როგორც ფინანსისტი, ვერ ვხედავ იმ რეფინანსირების დანამატ 15%-ში რა დევს, ის 15 მილიონიც ფაქტობრივად სუბსიდიაა“- განაცხადა ირაკლი ერაძემ.

ფინანსისტი ეჭვობს, რომ ბევრი კომერციული ბანკი ამ კონკურსში მონაწილეობის სურვილს არ გამოთქვამს, რადგან ეს მათთვის წამგებიანი იქნება. მხოლოდ ის ბანკები შეძლებენ ამას, ვისაც მეტი დივერსიფიკაციის საშუალება აქვს და შეძლებს, ეს დანაკლისი სხვა პროდუქტებით შეავსოს და დააბალანსოს.

„ეს კონკურსი უფრო მეტად პოპულისტურ ნაბიჯად მიმაჩნია, ველოდები, რომ ამ საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტის მერე ვნახავთ, რომელი შეეცდება უფრო მაგარ ბიჭად გამოჩნდეს, რადგან მათ წლიურად 30 ლარით შეუმცირეს საპროცენტო ხარჯი ხანდაზმულ და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას. წმინდა ფინანსური თვალით თუ შევხედავთ, ნაცვლად საბაზრო განაკვეთისა, მივიღეთ არასაბაზრო,“- აღნიშნა ირაკლი ერაძემ.

შეგახსენებთ, სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, რომელშიც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც შედიოდნენ, ქვეყანაში საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ჭერი 26%–მდე მცირდება, ასევე სახელმწიფო 15 მლნ ლარს გადაუხდის ბანკს, რომელიც პენსიას დაარიგებს. "ლიბერთი ბანკსა" და სახელმწიფოს შორის დღეს არსებულ ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე წელს გასდის. ახალი წესები ახალ კონკურსში გამარჯვებული ბანკისთვის მომდევნო წლიდან იმოქმედებს.