მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში, 24 ოქტომბრიდან მოგზაურები იაფი კოვიდ ტესტებით სარგებლობას შეძლებენ

616d2b638eaae
თათია კაკიაშვილი
18.10.21 20:20
779
24 ოქტომბრიდან ინგლისში მოგზაურობის მსურველები ახალი, PCR-თან შედარებით, იაფი კოვიდ ტესტებით სარგებლობას შეძლებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბრიტანეთის მთავრობის შეფასებით, ეს სიახლე რთული პანდემიური პერიოდისთვის დროულია და ხალხისთვის დიდი შეღავათის მომტანი იქნება. ამასთან, COVID-საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრილ მოქალაქეებს ქვეყანაში სტუმრობისას მხოლოდ საკუთარი კოვიდ პასპორტის QR კოდის ან ფოტოსურათის ატვირთვა მოუწევთ. ეს პროცედურა კი, ბრიტანეთის ხელისუფლების შეფასებით, ქვეყანაში მოგზაურობას გაამარტივებს, რაც თავის მხრივ, ტურიზმის სექტორის განვითარება-აღდგენის ხელშემწყობი იქნება.

ბრიტანეთის მოქალაქეები ქვეყნიდან გასვლის შესაძლებლობას “შვებად და განტვირთვის შესაძლებლობად” აფასებენ. მათი თქმით, სიახლე ხალხზე როგორც ფინანსურად, ისე ემოციურად დადებითად იმოქმედებს.

უნდა ითქვას ისიც, რომ დასავლეთ ევროპაში კოვიდინფიცირების და სიკვდილიანობის მაჩვენებლების მიხედვით, გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე რთული ვითარებაა - ქვეყანაში ინფიცირების და სიკვდილიანობის მაჩვენებლები, ივლისის შემდეგ, ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. სწორედ ამიტომ, უელსში PCR ტესტების ჩანაცვლების იდეას აკრიტიკებენ - მას აფასებენ, როგორც “ოქროს სტანდარტს” კოვიდტესტირებისთვის. ამ ფონზე კი, არსებობს მოლოდინი, რომ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლები კიდევ უფრო მეტად მოიმატებს და შესაძლოა, მალე კორონავირუსის ახალი მუტაციებიც გავრცელდეს.

დღემდე არსებული პოლიტიკით, ინგლისში შესულ მოქალაქეებს PCR ტესტირება 75 გირვანქა სტერლინგი უჯდებათ. ცვლილებების ძალაში შესვლისთანავე, მოგზაურებს, რომლებსაც კოვიდ დადებითი ტესტის პასუხი დაუფიქსირდებათ, თვითიზოლაციაში ყოფნა მოუწევთ, მოგვიანებით კი სახელმწიფო მათთვის უფასო PCR ტესტებს გამოყოფს. კოვიდინფიცირებული მოგზაურების სია კი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.