მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართველებს თანადგომა არ გვესწავლება" - რას გეგმავს მერია უკრაინის დასახმარებლად?

62207e2077ddb
ინგა მურუსიძე
03.03.22 12:50
2133

თბილისის მერია უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სხადასხვა ღონისძიებას იწყებს. კერძოდ, როგორც თბილისის მერმა კახა კალაძე განაცხადა, თბილისში გამოიყოფა კონკრეტული ადგილი, სადაც ყველა მსურველს შეეძლება უკრაინელებისთვის გასაგზავნად ნებისმიერი რამ მიიტანოს. გარდა ამისა, შეიქმნა სახაზინო ანგარიში, სადაც მსურველებს თანხის გადარიცხვა შეეძლებათ.

"უკრაინისთვის განსაკუთრებული ძნელ-ბედობის ჟამს, ჩვენ ყველანი, ერთიანი ძალით, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ვაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და სოლიდარობას.

ქართველებს ნამდვილად არ გვესწავლება თანადგომა და მხარდაჭერა გაჭირვებაში მყოფი მეგობრების მიმართ.
ჩვენი სახელმწიფო ომის პირველივე დღეებიდან უწევს დახმარებას საქართველოში დარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს. უკრაინაში გაიგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი და კვლავ გაგრძელდება ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ პროცესში. უამრავი მოქალაქე ეხმარება ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და, რა თქმა უნდა, ჩვენც მზად ვართ, ამ ყველაფერში მივიღოთ მონაწილეობა.

თბილისმა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სოლიდარული ქალაქია, გამოთქვა მზაობა, შეიფაროს უკრაინის მოქალაქეები და დაეხმაროს იმ ტკივილის გადატანაში, რასაც დღეს ისინი განიცდიან.

ჩვენ უკვე გვაქვს შერჩეული კონკრეტული ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება გარკვეული პროდუქტების მობილიზება, რომელიც შემდეგ, უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში გაიგზავნება", - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერს იმედი აქვს, რომ ძალიან დიდი აქტიურობა იქნება და ბევრი ადამიანი ჩაერთვება ამ ღონისძიებაში.

"იქედან გამომდინარე, რომ ბევრი ადამიანი აქტიურობს, განსაკუთრებით, ბიზნესსექტორი გამოთქვამს მზადყოფნას, დაეხმაროს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავხსნათ ანგარიში, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ფინანსური დახმარების გაწევა. სახაზინო კოდია 300778800, ხოლო დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ - უკრაინისთვის.

რა თქმა უნდა, მეც გამოვთქვამ მზადყოფნას, შევიტანო ჩემი წვლილი ამ ფინანსურ დახმარებაში და ყველანაირად გვერდით დავუდგე ჩვენს უკრაინელ მეგობრებს.

კიდევ ერთხელ, მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და ვისურვო, რომ მხოლოდ აღმშენებლობაში, განვითარებაში, წინსვლაში გამოგვეხატოს ერთმანეთის მხარდაჭერა. ძალიან განვიცდით იქ არსებულ მდგომარეობას. ომი, რომელიც მიმდინარეობს, ძალიან დამთრგუნველია ყველასთვის და კიდევ ერთხელ მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს", - თქვა მერმა.