მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პერსპექტიული 10 წელი გველოდება“ - ირაკლი ქარსელაძე ეკონომიკური განვითარების გეგმაზე

60b4d6ade0453
ვიქტორია მღებრიშვილი
31.05.21 17:00
1228
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 22 თებერვალს პარლამენტში განახლებული მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობი გამოცხადებისას განაცხადა, რომ 100 დღეში ეკონომიკური განვითარების 10-წლიან გეგმას წარადგენდა. მისივე თქმით, ამ გეგმის შემუშავებაში საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად საერთაშორისო სპეციალისტებიც ჩაერთვებოდნენ.  მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ ახალი - "ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო" შექმნა, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საბჭოს ამოცანას 2021 წლის 31 მაისამდე ახალი 10-წლიანი სტრატეგიის შექმნა წარმოადგენს და ის სრულად მთავრობის შემადგენლობით არის დაკომპლექტებული.

დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ BM.GE-მ ინფრასტრუქტურის მინისტრს ირაკლი ქარსელაძეს ჰკითხა, წარუდგინა თუ არა დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფმა პრემიერს 10-წლიანი განვითარების გეგმა და როდის დაიწყება მისი საჯარო განხილვები.

„ძალიან საინტერესო დოკუმენტი გამოდის, ძალიან პერსპექტიული 10 წელი გველოდება. დეტალებზე და ყველა დაკავშირებულ საკითხზე ჯობია მოვლენათა განვითარებას დაველოდოთ, თუმცა ძალიან კარგი სამუშაო იქნა გაწეული და ჩვენს ჭრილში - ინფრასტრუქტურის სამინისტროში ძალიან საინტერესო 10 წელია დასახული.

ყველა დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი, ეს ყველაფერი უწყებების ხედვებზეა დამოკიდებული და მნიშვნელოვანია, რომ ყველა უწყებაში გამართულად იყოს დანახული იმ დიდი და კარგი შესაძლებლობების წარმოდგენა მოხდეს. დოკუმენტი ბევრ სხვა ინფორმაციას შეიცავს და ის სათანადო სახით სათანადო დროს იქნება წარდგენილი“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.