მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პეტიციის ავტორი: “მთის-კურორტების დახურვა მინიმუმ 15,7 მლნ ლარის ზარალს გამოიწვევს”

5fc7c1e314030
მარიამ ადამია
02.12.20 21:05
731
“უხეში წინასწარი დათვლებით, მიმდინარე სეზონზე ზამთრის კურორტებზე მინიმუმ 15 766 955 ლარის დახარჯვის მზაობა არის ქართველი მოთხილამურეებისა და სნოუბორდერების მხრიდან. იმ რეგულაციით კი, რომელიც ამოქმედდა ქვეყანაში და რომლის ფარგლებშიც გაჩერებულია საბაგიროები, ზამთრის კურორტები ნულოვანი შემოსავლის გარეშე რჩებიან”, - ამის შესახებ პეტიციის “ჩაირთოს საბაგიროები საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე!” ავტორმა - ანი ელიაშვილმა გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა.

მისი თქმით, პეტიციის ხელმომწერები საბაგიროებთან ერთად ღია ტიპის კაფეების გახსნას და სასტუმრო სახლებსა და აპარტ-ოტელებში სტუმრების დატოვების უფლებასაც ითხოვენ.

“პეტიციის მთავარი მოთხოვნა არის ჩაირთოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე საბაგიროები, რადგან ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ სამთო კურორტებმა რამენაირად, მიმდინარე წელს დაიწყონ მუშაობა. რაც შეეხება უსაფრთხოებას, სამთო-სათხილამურო სპორტით დაკავებული ადამიანები ისედაც მთელი რიგი აღჭურვილობით არიან წარმოდგენილები. მათ შორისაა სკაფანდრი, ხელთათმანი. სხეულის ფაქტობრივად არცერთი ნაწილი არ ჩანს. ამიტომაც უსაფრთხოების ნორმები ამ კუთხით სრულად იქნება დაცული. პარალელურად თუკი იქნება მზაობა სახელმწიფოს მხრიდან და ტექნიკურად გაიმართება საკითხები, რომ ონლაინ სივრცეში გაიყიდოს ბილეთები და გაციფრულდეს რიგი საკითხები, ეს ხელს შეუწყობს კურორტის გახსნას, რაც თავის მხრივ შეამცირებს ეკონომიკურ ზარალს როგორც ქვეყნისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის” - აღნიშნა ანი ელიაშვილმა.

შეგახსენებთ, manifest.ge-ზე პეტიცია გამოქვეყნდა სახელწოდებით "ჩაირთოს საბაგიროები საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე". პეტიციის ავტორი მოქალაქე ანი ელიაშვილია. 

აღსანიშნავია, რომ 2020-წლის 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე დაწესებული შეზღუდვებით, გაჩერებულია ყველა საბაგიროს (როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის) მოძრაობა საქართველოს ოთხივე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) სამთო-სათხილამურო კურორტზე.