მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pfizer-ის ვაქცინამ COVID-19-ისგან დაცვის 90%-იან დონეს მიაღწია

5fa946c823b0b
შოთა ტყეშელაშვილი
09.11.20 17:44
4564
ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის და გერმანული BioNTech-ის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილმა ვაქცინამ ტესტირების პირველადი ფაზები წარმატებით გადალახა. კომპანიების მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, ახალი ვაქცინის ეფექტურობა 90%-ს შეადგენს. 

ვაქცინა ტესტირების პროცესის დროს ექვს ქვეყანაში, 43,500 ადამიანზე გამოიცადა. კომპანიების ინფორმაციით, ტესირების პროცესში ჯანმრთელობაზე ვაქცინის უარყოფითი ზემოქმედების შედეგები არ გამოვლენილა.

Pfizer-ის მიერ გაცხადებული 90%-იანი კოეფიციენტი მნიშვნელოვნად აჭარბებს აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის, FDA-ის მიერ დაწესებულ მინიმალურ 50%-იან ეფექტურობის მოთხოვნას, რომელსაც COVID-19-ის ვაქცინა ლიცენზიის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ არცერთი ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინის ეფექტურობის მაჩვენებელი 100% არაა. 

Pfizer-ის განცხადებით, მათ 2020 წლის ბოლომდე 50 მილიონი დოზა ვაქცინის წარმოება შეუძლიათ, 2021 წელს კი დამატებითი 1.3 მილიარდი დოზა ვაქცინის წარმოებას შეძლებენ.

Pfizer-მა ზაფხულში აშშ-ის მთავრობასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ლიცენზირების პროცესის წარმატებით დასრულების შემდგომ, აშშ-ის მთავრობა მწარმოებლისგან ვაქცინის პირველ 100 მილიონ დოზას შეიძენს, რის შემდგომაც იტოვებს შესაძლებლობას, ვაქცინის დამატებით 500 მილიონი დოზა შეისყიდოს.

The Financial Times-ის ინფორმაციით, ამ ვაქცინის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდგომ, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე Pfizer-ის აქციების ფასი 15%-ით გაიზარდა, BioNTech-ის აქციების ზრდამ კი, 25% შეადგინა.