მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

DFC-ის ოფისის გახსნა და თავისუფალი ვაჭრობა აშშ-თან - მამუკა ბახტაძის ფონდის გეგმები

61b063300c422
მარიამ ვარადაშვილი
08.12.21 15:35
950
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი (AGECF) დააფუძნა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) რეგიონული ოფისის გახსნას საქართველოში და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (FTA) გაფორმებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ფონდი პირველ ღონისძიებას დღეს თბილისში მართავს, რომელსაც თავად მამუკა ბახტაძე ვაშინგტონიდან ონლაინ ჩაერთვება.

BMG ამერიკულ-ქართული ფონდის სამომავლო გეგმებზე მმართველი საბჭოს ერთ-ერთ წევრს, ყოფილ დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილს ესაუბრა. როგორც ის ამბობს, აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება კომპლექსური საკითხია და ამ ეტაპზე უფრო რეალისტური აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის რეგიონული წარმომადგენლობის გახსნაა.

“თავისუფალი ვაჭრობა აშშ-თან მნიშვნელოვანი პროცესია და დიდი სიგნალი იქნება ყველა ამერიკული კომპანიისთვის, თუმცა ეს სწრაფად მიღწევადი ამოცანა არ არის. უფრო რეალისტური და მალე მიღწევადი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) წარმომადგენლობის გახსნაა. ის დღესაც ოპერირებს, თუმცა ვაშინგტონიდან და თუ რეგიონული ოფისი საქართველოში გაიხსნება, მისი მასშტაბი და პოტენციალი ბევრად იზრდება. ოფისის აქ გახსნა იძლევა საშუალებას, შემოვიდეს დიდი სახელმწიფო ინვესტიცია კერძო კაპიტალთან ერთად და მოხდეს რისკების გადაზღვევა”, - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

მისივე თქმით, DFC-ის წარმომადგენლობა საქართველოში, შესაძლოა, 2022 წელსაც გაიხსნას.

რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხს აშშ-თან, როგორც ახლადდაფუძნებული ფონდის წარმომადგენელი ამბობს, ეს რთული პროცესია, თუმცა მათი მიზანია, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდეს. დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებითვე, ეს ამ ეტაპზე აშშ-ის მთავრობის გადასაწყვეტი საკითხია, რადგან საქართველოში ამ თემაზე სრული კონსესუსია.

“რა თქმა უნდა, ეს ცოტა რთული პროცესია, მაგრამ რეალურად აშშ-ის ადმინიტრაციას გაცხადებული პოლიტიკა აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ დაიწყონ ვაჭრობის ახალ შეთანხმებებზე მუშაობა. ჩვენ ეს პერიოდი უნდა გამოვიყენოთ, თუმცა რამდენად სწრაფად მოხდება ეს, რთული სათქმელია. ტრანსატლანტიკური თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მიდის ამ ეტაპზე, პარალელურად, საუბარი. ამიტომ, რთულია იმის თქმა, რომ ეს ხვალ ან ზეგ იქნება, მაგრამ გვინდა, პროცესი დაიძრას და ამან კიდევ დამატებითი სტიმული შექმნას ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. DFC-ის ოფისის გახსნა დიდი სიგნალი იქნება რომ შემდეგში ინტენსიური მუშაობა წარმომართოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიმართულებით. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მისაღები გადაწყვეტილების გადაწყვეტის გზა აშშ-შია, ამდენად, ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან ერთად ვფიქრობთ, ამ საკითხში აქტიური მეთოდებით გარდატეხა შევიტანოთ", - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.