მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Phubber-ი უკრაინის ბაზარზე პირველ მომხმარებელს ივნისიდან ელის - გიორგი ჩუგოშვილი

609bf913e3f24
ვიქტორია მღებრიშვილი
12.05.21 22:42
946
სამოსისა და აქსესუარების გაყიდვების ქართული პლატფორმა Phubber-ი ივნისიდან უკრაინის ბაზარზე გამოჩნდება.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის თანადამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი ამბობს, რომ უკრაინის ბაზარზე შესვლისთვის Phubber-ი 250 000 დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რომელიც მათ თებერვლის ბოლოს WhatsApp-ის წამყვანი დეველოპერისა და მეწილესგან მოიზიდეს.

„დღეს ჩვენი გუნდი უკრაინაშია და საოპერაციო საკითხებზე ინტენსიურად ვმუშაობთ, იქნება ეს უკრაინული იურიდიული ერთეულის შექმნა თუ კონსულტაციები ბრენდებთან, დიზაინერებთან და გამყიდველებთან და ასევე მარკეტინგული PR-სტრატეგიის შემუშავება.

ამასთან, სულ მალე საქართველოში Phubber-ის ახალი ვერსია ჩაეშვება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ის ფუნქციონალი, რომელიც Phubber-ს უკრაინის ბაზარზე ოპერირების საშუალებას მისცემს“, - ამბობს ჩუგოშვილი.

მისი თქმით, უკრაინულ Phubber-ზე სამოსისა და აქსესუარების ცნობილ ბრენდებთან ერთად წარმოდგენილი იქნება უკრაინელი და ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი პროდუქტი.

„უკრაინის ბაზარზე პირველი მომხმარებლები ივნისში უკვე გვეყოლება“, - აცხადებს Phubber-ის თანადამფუძნებელი და დასძენს: „უკრაინა საქართველოზე 10-ჯერ დიდი ქვეყანაა, ონლაინბაზარიც აქ უფრო განვითარებულია და საკმაოდ მაღალი მოლოდინები გვაქვს“.