მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Phubber: საქართველოდან საერთაშორისო ბიზნესის კეთება ბევრად მარტივი უნდა გახდეს

5f9e792781dba
სალომე მეცხვარიშვილი
02.11.20 14:57
1088
ონლაინ პლატფორმა Phubber–ის თანადამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელთა წინაშეც საქართველოში ტექნოლოგიური კომპანიები დგანან.

ჩუგოშვილის თქმით, აუცილებელია, მომავალმა ხელისუფლებამ გადადგას ნაბიჯები იქითკენ, რომ საქართველოდან საერთაშორისო ბიზნესის კეთება მარტივი იყოს.

"რამდენიმე პრობლემას ვაწყდებით – პირველ რიგში, საქართველოში ლოკალური კაპიტალის ნაკლებობაა, რადგან პატარა ეკონომიკაა და უცხოელი ინვესტორები, განსაკუთრებით სტარტაპ ინდუსტრიაში, საქართველოსკენ არ იყურებიან, შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალია – ქართულ სტარტაპებს უნდა ჰქონდეთ საერთაშორისო პოტენციალი და გათვლილნი იყვნენ რეგიონულ მასშტაბზე.

საქართველოში მარტივია ბიზნესის კეთება ქართული ბიზნესისთვის, ასეთივე მარტივი უნდა გახდეს საერთაშორისო კომპანიებისთვისაც, მაგალითად, საერთაშორისო ოპერაციების წარმოება.

კიდევ არის რამდენიმე პატარა პრობლემა - თუნდაც საგადასახდო სისტემებთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ გინდა, რომ საქართველოში გააკეთო საერთაშორისო კომპანია, რომელსაც უნდა ჰქონდეს ოპერაციები რამდენიმე ქვეყანაში, ელემენტარულ პრობლემებს აწყდები, რადგან საერთაშორისო საგადახდო სისტემები, როგორიცაა მაგალითად stripe, არ ფუნქციონირებს საქართველოში”, – აცხადებს გიორგი ჩუგოშვილი.

მისი თქმით, ამ მიმართულებით კერძო სექტორი დამოუკიდებლად იმუშავებს, მაგრამ მთავრობამაც რომ იაქტიუროს, მათი ჩართულობით ბევრად მარტივად გადაწყდება ეს პრობლემა.

ჩუგოშვილი კიდევ ერთ საკითხზე აკეთებს აქცენტს. მისი განცხადებით, რატომღაც შეჩერდა სტარტაპების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა, რაც  ქვეყანაში ამ მიმართულების გასავითარებლად აუცილებელია.

“ვიმედოვნებ, შემდეგ 4 წელში უფრო მრავალფეროვანი პარლამენტი იქნება, მე პირადად ველოდები, რომ იქნება გადაწყვეტილებები, რომელიც ხელს შეუწყობს ქართულ კომპანიებს საერთაშორისო ბაზარზე უფრო მოქნილად იფუქნციორონ ისე, რომ სათავო ოფისი ჰქონდეთ საქართველოში”, – განაცხადა გიორგი ჩუგოშვილმა და იქვე დასძინა, რომ ამას ხელს უწყობს ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიც  IT კომპანიებისთვის საშეღავათო პირობებით ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში “ქართული ოცნების” მთავრობამ მიიღო.