მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პიკის საათებში კომპანია მიკროავტოსების რაოდენობას ვერ აკმაყოფილებს”- რას სთხოვს რუსთავის მერია “ინტერ ტრანსს”?

647f424de2e59
ანუკა ჯოხაძე
06.06.23 23:30
724
რუსთავის მერია თბილისი-რუსთავის სამარშრუტო ტაქსების კომპანია “ინტერ ტრანსს”, დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას სთხოვს. როგორც ქალაქის მერი ამბობს, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა საკმარისი არ არის რის გამოც ხშირად თბილისიდან რუსთავში ჩასვლა მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მგზავრების თქმით, ხშირად მიკროავტობუსში მოსახვედრად ლოდინის დრო 1.5 საათიც კი ყოფილა.

აღნიშნულ პრობლემას რუსთავის მერიც ადასტურებს. ნინო ლაცაბიძე განმარტავს, რომ ამ მიმართულებით კომპანიას დარღვევები უფიქსირდება, რის გამოც ამ ეტაპზეც დაჯარიმების პროცედურები მიმდინარეობს.

რუსთავის მერია "ინტერ ტრანსს" ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მერიაში პრობლემის სამართლებრივი გზით მოგვარებასაც არ გამორიცხავენ.

“11 მიმართულებას ემსახურება კერძო კომპანია, აქ ჩვენ გარკვეული ქმედებები განვახორციელეთ, მათ შორის რაც კანონით და ხელშეკრულებით გვქონდა გათვალისწინებული. მივმართეთ საკრებულოს, ასევე დაჯარიმების ნაწილში ახლაც არის აქტუალური ეს საკითხი. ჩვენ მათ ვთხოვეთ, იმ სახელშეკრულებო პირობების შესრულებას, რომელიც მათ ნაკისრი ხელშეკრულების გაფორმების დროს აქვთ.  ახალგაზრდებს ძალიან ხშირად უწევთ დიდ რიგში დგომა, როცა ქალაქში უკან პიკის საათში ბრუნდებიან. პიკის საათებში კომპანია საჭირო რაოდენობის მიკროავტობუსებით მგზავრებს ვერ აკმაყოფილებს, ”-ამბობს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.

კითხვაზე, თუ რა ბერკეტი აქვს მუნიციპალიტეტს იმ შემთხვევაში თუ კომპანია ხელშეკრულების პირობების დარღვევას სამომავლოდაც გააგრძელებს, რუსთავის მერი შემდეგნაირად გვპასუხობს: “კომპანიის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევას და იმ პუნქტების არ შესრულებას, რომელიც ნაკისრი აქვს ამას თავისი სამართლებრივი გზა აქვს და ამას ჩვენ გავყვებით".

გასული წლის გაზაფხულზე კომპანია "ინტერტრანსმა" მგზავრობის ღირებულებაც გააძვირა, რასაც საწვავის ფასის ზრდას უკავშირებდნენ. როგორც რუსთავის მერი ამბობს, ეს არის ის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც "ინტერტრანსს" მუნიციპალიტეტთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში უკვე დარღვეული აქვს. მერიაში ამბობენ, რომ მგზავრობის საფასურის ზრდის შემდეგ მუნიციპალიტეტის მხრიდან თბილისის მიმართულებით m3 კატეგორიის 7 ავტობუსი დაინიშნა, თუმცა ქალაქის მერის თქმით ამან პრობლემა ვერ გადაჭრა.

რუსთავის მერის ამბობს, რომ შემოდგომიდან ახალი ავტობუსების შესყიდვაა გეგმაში. ნინო ლაცაბიძის თქმით, რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის 20 ახალი ავტობუსის შესყიდვა იმ კონსოლიდირებული ტენდერის ნაწილია, რომლის შესახებაც პრემიერმა ღარიბაშვილმა მიმდინარე კვირის მთავრობის სხდომაზე დააანონსა. როგორც ცნობილია, მთავრობა 53 მილიონად მთავრობა მუნიციპალიტეტებისთვის 154 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს.

ცნობისთვის, თბილისის-რუსთავის სამარშრუტო ტაქსებით მგზავრების გადაყვანას კომპანია ინტერ ტრანსი ახორციელებს. ინტერ ტრანსმა ჯერ კიდევ 2014 წელს მოიგო მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი, თუმცა ამ წლებში იყო არაერთი შენიშვნა თუ პროტესტი როგორც მგზავრების, ისე თავად მუნიციპალიტეტის და დასაქმებული მძღოლების მხრიდანაც.

BM.GE შესაბამის კომენტარზე კომპანია “ინტერ ტრანსსაც” დაუკავშირდა, თუმცა კომპანიაში აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავეს.