24.აპრილი .2020 23:14

პირბადეების გამარტივებულ შესყიდვებში "ოცნების" შემომწირველებიც მონაწილეობენ – IDFI

views 702
უკან

სახელმწიფო სტრუქტურები, რომელთა პირდაპირი ვალდებულებაა ვირუსთან სხვა და სხვა მიმართულებით ბრძოლა, აღარ სარგებლობენ ელექტრონული ტენდერებით, რომელსაც საკმაოდ დიდი დრო მიაქვს. სახეზეა გადაუდებელი აუცილებლობა, რაც შესყიდვების კანონმდებლობით გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს და სახელმწიფო სტრუქტურას საშუალებას აძლევს საჭირო პროდუქტი შეიძინოს ტენდერის გარეშე, პირდაპირი გზით. ამისათვის, უწყებას შესყიდვების სააგენტოს თანხმობა სჭირდება. თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე, წინასწარი თანხმობის მოთხოვნაზე მეტად გვხვდება უკვე შეძენილ პროდუქტზე/მომსახურებაზე შესყიდვის შემდგომ შეთანხმება. ამის შესახებ IDFI წერს.

ორგანიზაცია დაინტერესდა რა თანხები იხარჯება არსებულ ვითარებაში უტენდეროდ, რომელ პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე მოდის თანხის უმეტესი ნაწილი და რომელ კომპანიებში მიდის აღნიშნული თანხები. წინამდებარე ანალიზისთვის გამოყენებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის გამარტივებული შესყიდვის შეთანხმების მოდულის (SMP მოდული) მონაცემები 18 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით. შესყიდვები ორ ძირითად კატეგორიას მოიცავს: სამედიცინო მოწყობილობები და სასტუმროს მომსახურება საკარანტინოდ.

როგორც IDFI წერს, გარდა ადგილობრივი წარმოებისა, ჯანდაცვის სამინისტრომ პირბადეები სახელმწიფო შესყიდვების გზითაც შეიძინა. ამისათვის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ 3 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა. განხორციელდა 10 შესყიდვა ექვსი კომპანიისგან. თითოეულ შემთხვევაში ერთეული პირბადის ფასი განსხვავებული იყო.

IDFI-ს მიგნებები შემდეგნაირია:

ერთეული პირბადის ყველაზე დაბალი ფასი 0.85 ლარია. აღნიშნული შესყიდვის ხელშეკრულებაში თანხა ამერიკული დოლარის ვალუტაშია მითითებული და ინვოისის მიხედვით, თითო სამშრიანი პირბადის ღირებულება 0.27 ცენტია. ხელშეკრულება 6 აპრილსაა დადებული, შესაბამისად, სავარაუდო ფასის გამოსაანგარიშებლად მითითებული თანხა სწორედ ამ დღის კურსზეა გამრავლებული. იმავე მომწოდებელი კომპანიისგან სამინისტრომ შეიძინა ორი განსხვავებული სახეობის ე.წ. N95 პირბადეები, რომელთა ფასები დაახლოებით 5 ლარია. პირბადეების გარდა სამინისტრომ ამ კომპანიისაგან შეიძინა უკონტაქტო თერმომეტრები, სპეციალური სამედიცინო ტანსაცმელი და ბახილები, რაშიც ჯამში 1 მილიონ 330 ათას დოლარამდე გადაუხადა (6 აპრილის ოფიციალური გაცვლითი კურსით 4 მილიონ 200 ათას ლარამდე). შპს Weekend-ის 100% წილის მფლობელი ბონდო გოლეთიანია. ის მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემომწირველია. კერძოდ, ბონდო გოლეთიანმა ზურაბიშვილს წინასაარჩევნოდ 25,000 ლარი შესწირა, ხოლო მისმა ბიზნეს პარტნიორმა, ჭიჭიკო გოლეთიანმა კი - 35,000 ლარი. გოლეთიანის კიდევ ერთ ბიზნეს პარტნიორს, შალვა ერისთავს 60,000 აქვს შეწირული სალომე ზურაბიშვილისთვის.

რიგით მეორე ყველაზე დაბალი ფასის მქონე კომპანია შპს “ად მედიაა”. მათი პირბადეების ფასმა 0.93 ლარი შეადგინა, თუმცა სულ 40,000 პირბადის შეკვეთა მიიღო. აღნიშნული კომპანიის ერთ-ერთი მეწილე სერგო გალუსტიანია. ის 100%-იან წილს ფლობს კომპანია “რესპირატორში”, რომელიც 3 დღის წინ, 15 აპრილს დაარსდა და ფონდ ქართუსთვის 4 მილიონ პირბადეს კერავს. გალუსტიანმა სალომე ზურაბიშვილს 2018 წელს 60,000 ლარი შესწირა, ასევე 40,000 ლარიანი შემოწირულობა ქართული ოცნებისთვისაც აქვს გაღებული.

საყურადღებოა, რომ ხელშეკრულება 26 მარტს გაფორმდა შპს “ქართულ ტექსტილთან” 500,000 ცალი სამშრიანი პირბადის შეძენაზე, რომელიც 8 აპრილს დაკორექტირდა და ცვლილებების მიხედვით სამინისტრომ 100,000 სამშრიანი პირბადე 114,000 ათას ლარად შეიძინა, შესაბამისად, ერთი ცალი პირბადის ფასმა 1 ლარი და 14 თეთრი შეადგინა.

სწორედ შპს “ქართულ ტექსტილთან” ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, მეორე შესყიდვა 30 მარტს განხორციელდა. შპს “სავაჭრო ჯგუფთან”თავდაპირველად ხელშეკრულება 681,000 ათასი ლარის ღირებულების იყო, რაც ნიშნავს, რომ კომპანია თითო პირბადეს 1.50 ლარად ყიდდა, პირველ კომპანიაზე ძვირად. თუმცა 2 აპრილს ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა ამჯერად სამინისტრომ 454,000 სამშრიანი სამედიცინო ნიღაბი 589,000 ლარად შეისყიდა. ცვლილებით შეკვეთილი პირბადეები ორ ნაწილად გაიყო: 400,000 პირბადე - თითოს ფასი 1 ლარი 27 თეთრი (ჯამში 508,000 ლარი) და 54,000 პირბადე - თითოს ფასი 1 ლარი და 50 თეთრი (ჯამში 81,000 ლარი). ხელშეკრულების პირობის თანახმად, 54,000 ათასი ცალი პირბადის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების დადების დღესვე, 30 მარტს. ამ კომპანიასთან შემდეგი ხელშეკრულება სამინისტრომ უკვე 3 აპრილს გააფორმა და 500,000 პირბადე შეუკვეთა, თითოს ფასმა ისევ 1.27 ლარი შეადგინა.

3 აპრილს სამინისტრომ შეისყიდა პლასტიკის ნიღბები, 20 ათასი ერთეული 44,000 ლარად, შესაბამისად თითო ნიღბის ფასმა შეადგინა 2 ლარი და 20 თეთრი. ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული პროდუქტი სამინისტრომ შპს “ედვინგსისგან” შეიძინა. ეს კომპანია 2019 წლის 12 მარტს არის რეგისტრირებული, არ აქვს ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობის გამოცდილება და მხოლოდ გამარტივებული შესყიდვებით მიღებული ხელშეკრულებები უფიქსირდება. გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის პირველი ხელშეკრულება კომპანიამ 6 თვის წინ მიიღო. ამასთან, თანხობრივად ყველაზე მსხვილი კონტრაქტი, სწორედ ჯანდაცვის სამინისტროს შესყიდვაში დაფიქსირდა. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი თაქთაქიშვილი, 2014 წელს ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს შემომწირველი იყო.

გარდა სხვადასხვა სახის ნიღბებისა, ჯანდაცვის სამინისტრომ დიდი რაოდენობის ბიოლოგიური დაცვის კომბინიზონი შეიძინა. ერთ-ერთი კომპანია, რომელთანაც აღნიშნული კომბინიზონების შესყიდვის ხელშეკრულება 6 აპრილს გაფორმდა შპს “ჯეოფერუმია”, რომლის საქმიანობის ძირითადი სფერო ლითონის სამშენებლო მასალების რეალიზაციაა. კომპანია 2019 წლს დაარსდა და მას შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღია. ამ შესყიდვით კი “ჯეოფერუმმა” ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიიღო და სანაცვლოდ, 10 სამუშაო დღის ვადაში 14,100 ერთეული ბიოლოგიური დაცვის კომბინიზონის მიწოდების ვალდებულება აიღო. კომპანიის დამფუძნებელი ლევან ლურსმანაშვილია. საინტერესოა, რომ ის 100%-იან წილს ფლობს შპს “ჯეოორთოში”, რომელიც სამედიცინო მოწყობილობების იმპორტიორი კომპანიაა და მრავალ ტენდერშიც გაუმარჯვია. სავარაუდოდ, მიზეზი, რის გამოც ლურსმანაშვილმა ამ კომპანიის სახელით ვერ მიიღო ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეკრულება ისაა, რომ შპს “ჯეოორთო” ამჟამად შესყიდვების შავ სიაშია შეყვანილი (ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენისათვის).

ლურსმანაშვილს 2016 წელს ქართული ოცნებისთვის 25,000 ლარი აქვს შეწირული, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილისთვის - 10,000 ლარი. ლურსმანაშვილი ფლობს 50%-იან წილს შპს “ტანდემშიც”, რომლის დანარჩენ ორ მეწილეს, დავით კაპანაძესა და მამუკა ხელაიას ჯამში 50,000 ლარი აქვთ შეწირული ქართული ოცნებისთვისა და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიისთვის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა