მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირბადიანი ტურიზმის დრო დგება - რომელ აეროპორტებშია მაღალი რისკები

5ed7d68ad57bb
მარიამ ადამია
03.06.20 23:40
1314
მსოფლიო იზოლაციიდან და საკარანტინე რეჟიმიდან გამოვიდა, ახლა პირბადიანი ტურიზმის დრო დგება. იხსნება საზღვრები და ქვეყნები ემზადებიან საერთაშორისო ტურისტების მისაღებად, თუმცა უსაფრთხოების ზომების დაცვით, ამ დროს განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა აეროპორტებს ეკისრებათ. თუმცა სანამ მოგზაურობას გადაწყვეტთ, წინასწარ უნდა განსაზღვროთ თუ რა მოთხოვნები აქვს ქვეყანას, რომლის მონახულებასაც გადაწყვეტ პოსტკორონავირუსულ პერიოდში. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა თქვენ კარანტინში და თვითიზოლაციაში მოგიწიოთ შვებულების გატარება. ზოგიერთის საზღვარი კი ჯანმრთელობის ცნობის წარდგენას მოითხოვს, რომელიც ყველა სხვა აუცილებელ საბუთთან ერთად უნდა იქონიოთ თან.

გარდა ამისა თქვენივე უსაფრთხოებისთვის უნდა გაითთვალისწინოთ ის ქვეყნები, სადაც კორონავირუსული ინფექციის რისკი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ შედგენილი სიის მიხედვით, ეს ქვეყებია: ავღანეთი, ბანგლადეში, ბელარუსი, ბელგია, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, დომინიკელთა რესპუბლიკა, ეგვიპტე, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, ესპანეთი, იტალია, კანადა, ყატარი, კოლუმბია, ქუვეითი, მექსიკა, ნიდერლანდები, არაბთა გაერთიანებული საამიროები, პაკისტანი, პერუ, პოლონეთი, პორტუგალია, რუსეთი, საუდის არაბეთი, სინგაპური, აშშ, თურქეთი, უკრაინა, საგრანგეთი, ჩილე, შვედეთი ეკვადორი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

"ევრონიუსის" ცნობით, ამ ქვეყნის აეროპორტებში გადაადგილება ადამიანებისთვის რისკის შემცველია და საბედნიეროდ სიაში არცერთი ქართული აეროპორტი არ დასახელებულა. რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, მაგალითად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, შესასვლელებში დამონტაჟდა აპარატები ხელების დეზინფექციისთვის, სპეციალური ვიდეოსკანერები მგზავრთა ტემპერატურის გასასინჯად. ასევე სპეციალური სტიკერებით არის აღნიშნული მანძილი ასაფრენ და დასაფრენ ტერმინალებს შორის, სარეგისტრაციო დახლებზე დამონტაჟებულია დამცავი ფარები მგზავრებსა და აეროპორტის თანამშრომლებს შორის პირდაპირი კონტაქტის აღსაკვეთად.

რაც შეეხება ყველაზე დაინფიცირებულ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ფედერალური ორგანოს მიერ შემუშავებული რეგულაციები მცირე დოზით უკვე დაინერგა. თუმცა, ცვლილებების უმეტესი ნაწილის განხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით, უფრო ივნისის შუა რიცხვებისკენ მოხდება.

უკვე ძალაშია თვალების, ან მთლიანად სახის პლასტიკური ფარით დაცვის ახალი განაწესი. მათ ტარებას ტრანსპორტის უსაფრთხოების ოფიცრებს ურჩევენ. რუტინული დეზინფექციაც უკვე ხდება, სისტემატურად იწმინდება ზედაპირები, რომელსაც აეროპორტის თანამშრომლები, ან მგზავრები ეხებიან. დაიწყო მზადება სოციალური დისტანციის დასაცავად, რაც ასევე პლასტიკური, თხელი, გამჭვირვალე კედლების საშუალებით მოხდება. მგზავრებს უსაფრთხოების შემოწმებით გათვალისწინებული სკანირების წინ, ქამრების, გასაღებების, საფულეების ჩაწყობა სპეციალურ მცირე ზომის ყუთებში აღარ მოუწევთ, არამედ თავისივე სამგზავრო ჩანთაში უნდა გადაალაგონ. საჭმელი გამჭვირვალე პარკებში უნდა მოთავსდეს და მათი სკანირება ცალკე ისე უნდა მოხდეს, რომ უსაფრთხოების ოფიცრებს მათთან შეხება არ მოუწიოთ. რეისზე რეგისტრაცია მგზავრებმა თავად უნდა გაიარონ და ამობეჭდონ შესაბამისი სამგზავრო დოკუმენტი, რომ აეროპორტის თანამშრომლებთანაც შეხება მინიმუმზე დავიდეს.