მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირბადის ტარება და კოვიდ-პასპორტები: ინგლისში მომავალი კვირიდან რეგულაციების ნაწილი უქმდება

61e85a1fbddd1
თამთა ჯიჯავაძე
19.01.22 22:35
1647
მომავალი კვირიდან, კერძოდ, 27 იანვრიდან ინგლისში საჯარო დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარების ვალდებულება გაუქმდება. ხოლო 20 იანვრიდან საკლასო ოთახებში მოსწავლეებს აღარ ექნებათ პირბადის ტარების ვალდებულება. გარდა ამისა, აღარ იქნება საჭირო კოვიდ-პასპორტის ღამის კლუბებსა და სხვა მსგავს ობიექტებზე წარდგენა. ამის შესახებ BBC-ის ცნობით, ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა აღარ მოუწოდებს მოქალაქეებს სახლებიდან მუშაობისკენ. თუმცა, ძალაში რჩება თვითიზოლაცია კოვიდ-ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში.

როგორც ჯონსონმა განაცხადა, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ომიკრონის ტალღამ ბრიტანეთში პიკს მიაღწია.

თუმცა, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ეს არ უნდა მივიჩნიოთ „ფინიშის ხაზად“, ვინაიდან ვირუსი და მისი სხვადასხვა შტამი არ აღმოიფხვრება. თუმცა, „უნდა ვისწავლოთ კოვიდთან ერთად ცხოვრება ისე, როგორც გრიპთან ერთად ვცხოვრობდით“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში ბრიტანეთში კოვიდინფიცირების 108 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.