მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირდაპირ გლეხისგან ყველს გამოკითხულთა 21% ყიდულობს - FAO-ს კვლევა

5e04e3742bdae
BM.GE
26.12.19 21:44
1172
გამოკითხულთა 27-27%, ყველის შეძენისას უპირატესობას ანიჭებს დიდ სუპერმარკეტებს ("გუდვილი", "კარფური", "აგროჰაბი") და აგრარულ ბაზრებს. ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ჩატარებულ სურსათის უვნებლობის კვლევაში წერია. კვლევის მიხედვით, ასევე მაღალია იმ მომხმარებლების რიცხვი, რომლებიც პირდაპირ ფერმიდან/გლეხისგან ყიდულობენ პროდუქტს, მათი რაოდენობა გამოკითხულთა 21%-ს შეადგენს.
დიაგრამა აღებულია FAO-ს კვლევიდან

რაც შეეხება კრიტერიუმებს, რასაც ითვალისწინებენ ყველის შეძენისას, გამოკითხულთა დიდი ნაწილი მთავარ კრიტერიუმად: პროდუქტის ეკოლოგიურ სისუფთავეს (50%) და გამყიდველის ნდობას (37%) ასახელებს. მომხმარებლებმა ასევე მნიშვნელოვან კრიტერიუმად დაასახელეს პროდუქტის საგემოვნო თვისებები (24%).

„გამოკითხულთა იმ ნაწილიდან, რომელიც ყველის ყიდვას პირდაპირ გლეხისგან ამჯობინებს, 62% მიიჩნევს, რომ ფერმერის წარმოებული პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა, ხოლო 60% კი გლეხისგან ყველის ყიდვისას ხაზს უსვამს გამყიდველის ნდობას“, - აღნიშნულია კვლევაში.

გარდა ამისა, მომხმარებელთა უმრავლესობისთვის „ეკოლოგიურად სუფთა ყველი“ წარმოადგენს ნედლის რძისგან დამზადებულ (74%) და ჯანმრთელი პირუტყვისგან მიღებულ პროდუქტს (55%).

გამოკითხულთა 26% რძის პროდუქტის არჩევისას ამოწმებს ეტიკეტს (არსებობის შემთხვევაში), ხოლო პროდუქტის წარმომავლობით მხოლოდ 13% ინტერესდება, მაშინ როდესაც პროდუქტს ვიზუალურად ათვალიერებს კვლევაში მონაწილე რესპონდენტების 64%.

რაც შეეხება ხორცს, კვლევის შედეგების მიხედვით, საქონლის ხორცს რესპონდენტთა უმრავლესობა დიდ სუპერმარკეტებში (40%) და არა ბრენდირებულ მაღაზიებში (30%) ყიდულობს. შედარებით ნაკლები რაოდენობა რესპონდენტებისა ხორცის საყიდლად ბაზარს (22%) და პატარა სუპერმარკეტებს (20%) აკითხავს.
დიაგრამა აღებულია FAO-ს კვლევიდან

„ძალიან მცირეა იმ რესპონდენტთა წილი, ვინც პირდაპირ გლეხისგან ყიდულობს ხორცს (9%), ხოლო თითქმის არავინ აფიქსირებს ხორცის ქუჩიდან ყიდვის ტენდენციას, თუმცა FAO-თვის, ისევე როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის ცნობილია ამგვარი ფაქტების არსებობის შესახებ“, - წერია კვლევაში.

მისი შეძენისას, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის, წინაპირობას პროდუქტის შენახვის ჰიგიენური პირობები და გამყიდველის ნდობა წარმოადგენს.

„ხორცის ყიდვისას გამოკითხულთა მხოლოდ 13% ინტერესდება პროდუქტის წარმომავლობით, შესაბამისად ამოწმებს ეტიკეტს. გამოკითხულთა 30% სასაკლაოზე დაკლულ ხორცს, გლეხის, სახლში დაკლულს ამჯობინებს. გამოკითხულთა 21% მიაჩნია, რომ ხორცთან დაუცველი კონტაქტით ზოონოზური დაავადებით დაინფიცირება შეუძლებელია“, - აღნიშნულია კვლევაში.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) სატელეფონო კვლევა ცხოველთა-იდენტიფიკაცია რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით მომხმარებელთა ინფორმირების დონის განსაზღვრის მიზნით ჩაატარა. რესპონდენტებად შერჩეულები იყვნენ ქ. თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, გორის, თელავის, ახალციხის, რუსთავის, ზუგდიდის მაცხოვრებლები.