22.დეკემბერი .2021 10:15

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - როგორ მოვიზიდოთ ის?

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - როგორ მოვიზიდოთ ის?
views 1455
უკან

როგორც მონეტას აქვს ორი მხარე და ადამიანს ორი პროფილი, ასევეა ეკონომიკაც. ეკონომიკური მდგომარეობა და მისი განუვითარებლობა, ერთთა შეფასებით, შეიძლება ცუდი იყოს, მეორეთა შეფასებით კი, განვითარების და სწრაფი ზრდის კარგ რესურსს აჩენდეს. გაგიკვირდებათ და ასევე არაა ცალსახა დამოკიდებულება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (პუი) მიმართ.

ჩანართად გთავაზობთ ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებას: „კი გვჭირდება ეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მაგრამ ამ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს აქვს ნეგატიური მხარე. უცხოეთიდან ადამიანი შემოდის და დებს ფულს, მაგრამ ამ ფულს დებს თავისთვის, რაც მერე დივიდენდის სახით უნდა გაიტანოს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პანაცეა არ არის, ჩვენ გვჭირდება ჩვენი დანაზოგებიდან გაკეთებული ინვესტიციები“.

თუმცა მიუხედავად იმისა, ვინ და როგორ უყურებს საკითხს, ფაქტი ერთია, არ არსებობს ეკონომიკური ზრდა ინვესტირებების გარეშე, გარდა მანიპულაციებისა. ინვესტირებისათვის საჭირო რესურსის არარსებობის შემთხვევაში კი ქვეყანათა ხელმოსაჭიდი და საზრუნავი FDI (foreign direct investment) და მისი მოზიდვა ხდება.

FDI-ს შეუძლია ხელი შეუწყოს ან/და შეინარჩუნოს ეკონომიკური ზრდა, განვითარებადი ქვეყნების მხრიდან მისი გამოყენება ძირითადად ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაფინანსებისა და დასაქმების ზრდის მიმართულებით ხდება.
ქვეყნები, სადაც ფინანსური განათლება დაბალ დონეზეა, დანაზოგების საშუალო მოცულობა კი საკმაოდ მცირე სწორედ პუი-ს საშუალებით ახდენენ ეკონომიკურ სასწაულებს.

პანდემიურმა მდგომარეობამ როგორც სხვა ყველაფერი, ასევე შეცვალა მსოფლიო წესრიგი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით, თუმცა რიგმა ქვეყნებმა ამ გაურკვევლობაში სარგებლის ნახვაც კი მოახერხეს.

რა მოხდა მსოფლიოში?

გლობალურად პუი-ს დონე 2020 წელს 42%-ით შემცირდა, რაც 1.5 ტრილიონი აშშ დოლარიდან 859 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირებას ნიშნავს. ასეთი შედეგი 2008-2009 წლის კრიზისის დროსაც კი არ დაფიქსირებულა. უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიურმა მდგომარეობამ ყველაზე ძალიან განვითარებული ქვეყნები აზარალა, მათი მიმართულებით მიმავალი ინვესტიციების მოცულობა 69% -ით, თანხაში კი 229 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა. ინვესტირებებმა კლება განიცადა, ფაქტობრივად, ყველა სექტორში, თუმცა ყველაზე შესამჩნევი წარმოებასა და ფინანსურ მიმართულებაში აღმოჩნდა.

ინვესტიციების კლება კონტინენტურ ევროპასაც მძიმედ შეეხო, მაგრამ გამონაკლისები აქაც გვაქვს და არსებობს წარმატებული ქეისებიც, ზუსტად პანდემიურ წელს შვედეთში პუი-ს ნაკადები მნიშვნელოვნად გაიზარდა 10.1 მლრდ აშშ დოლარიდან 26.1 მლრდ აშშ დოლარამდე, რაც 160 %-მდე ზრდის ტოლფასია; მნიშვნელოვანი ზრდა იყო ლუქსემბურგში 14.2 მლრდ აშშ დოლარიდან 62 მლრდ აშშ დოლარამდე, პროცენტულად ეს 320%-მდე ზრდას ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიაში 59% კლება იყო, მათ მაინც მოახერხეს მოეზიდათ 33.3 მლრდ აშშ დოლარი.

განვითარებული ქვეყნების მსგავსად შემცირდა პუი-ს მოცულობა განვითარებად ქვეყნებშიც, კლება 12% იყო და მისმა ჯამურმა მოცულობამ 616 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, თუმცა გლობალური პუი-ს მოცულობაში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი 72% მიაღწია. ამ ფონზე ნაკადები გაიზარდა ჩინეთისა და ინდოეთის მიმართულებითაც.

რა მოხდა ჩინეთის შემთხვევაში?

ჩინეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა პანდემიის წარმატებულად შეკავებამ და სწრაფმა აღდგენამ გამოიწვია. 2020 წლის მეორე კვარტალში მშპ-ს პოზიტიურ ზრდასთან დაბრუნებამ და საინვესტიციო შეზღუდვების მოხსნამ ხელი შეუწყო ინვესტირებების მოცულობას. ასევე მნიშვნელოვანია, მომსახურების სექტორის ზრდა, რომელიც ინვესტირებული თანხის 70%-ზე მეტს შეადგენდა. FDI დაჩქარდა განსაკუთრებით ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ ინდუსტრიებში. ინვესტიციების გაზრდის მიზნით, მთავრობამ გააფართოვა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღია ინდუსტრიების რაოდენობა, გააუქმა შეზღუდვები უცხოურ ინვესტიციებზე ძირითად ინდუსტრიებში და შეცვალა თავისუფალ სავაჭრო ზონებში უცხოური ინვესტიციების გამონაკლისთა სია, შედეგად კი ასეთი კომპანიების რაოდენობა გაიზარდა 11%- ით. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მიუხედავად დიდი მითქმა-მოთქმისა, ჩინეთის მთავარი ინვესტორები დარჩნენ ქვეყანაში და გააგრძელეს საქმიანობა. გასულ წელს აშშ-დან და ევროპიდან შემოდინება შემცირდა, მაგრამ რეგიონული ინვესტიციები აგრძელებდა ზრდას ASEAN-ის ქვეყნებიდან ნაკადების ზრდის გამო. 2020 წელს ჩინეთში მთავარი ინვესტირების განმახორციელებლები შემდეგი ქვეყნებიდან იყვნენ: სინგაპური, ვირჯინიის კუნძულები, სამხრეთ კორეა, კაიმანის კუნძულები, იაპონია, გერმანია და შეერთებული შტატები. ინვესტიციები ძირითადად ორიენტირებული იყო წარმოებაზე, უძრავ ქონებაზე, სალიზინგო ბიზნესზე და მომსახურებაზე, კომპიუტერულ მომსახურებაზე, საბითუმო და საცალო ვაჭრობაზე, ფინანსურ შუამავლობაზე, სამეცნიერო კვლევებზე, ტრანსპორტზე, ენერგეტიკასა და მშენებლობაზე.

რა გააკეთა ინდოეთმა FDI-ს ზრდისათვის?

ინდოეთმა მოახერხა IT საკონსულტაციო და ციფრულ სექტორებში დიდი მოცულობით ინვესტიციების მოზიდვა, მათ შორის ელკომერციის პლატფორმებზე, მონაცემთა დამუშავების სერვისებსა და ციფრულ გადახდებში. მათ შექმნეს და განახორციელეს ფინანსური სტიმულირების პაკეტი გლობალური IT და მაღალტექნოლოგიური ორგანიზაციებისათვის. ინდოეთი ინვესტორებისათვის საინტერესო ბაზარი რამდენიმე მიზეზის გამო არის - პირველი დაბალი სახელფასო ხარჯია, ასევე ინვესტორებს სპეციალური საინვესტიციო პრივილეგიებით შეუძლიათ სარგებლობა, როგორებიცაა საგადასახადო შეღავათები. გასული წლიდან ინდოეთმა დაიწყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით ნორმების შემსუბუქება ისეთ სექტორებში როგორიცაა, თავდაცვა, ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობა, ტელეკომუნიკაცია, ელექტრო და საფონდო ბირჟები. აღნიშნულმა გამოიწვია პირდაპირ და არაპირდაპირ ინვესტორებად ისეთი კომპანიების ჩართულობა როგორებიცაა: Amazon, Facebook, Google, Samsung და ა.შ. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ გარდა სხვა კონტინენტთა გიგანტების დაინტერესებისა, 2020 წლის აპრილიდან ქვეყანამ მიიღო უდიდესი ინვესტიცია 1.63 მლრდ აშშ დოლარი ჩინეთიდან. 2020 წელსვე Ernst & Young-მა ინდოეთი მზის ენერგიის მიმართლებით ყველაზე საინტერესო ბაზრად დაასახელა, რაც ზრდის ინდოეთის როგორც ქვეყნის ინვესტირების პოტენციალსა და რესურსს.

ნაკადების მნიშვნელოვანი ზრდა იყო ისრაელშიც, რაც 19 მლრდ აშშ დოლარიდან 25 მლრდ აშშ დოლარამდე ზრდას გვაჩვენებს და პროცენტულად 31%-ს შეადგენს.



ამ მონაცემების ფონზე ალბათ საინტერესოა, როგორ მოახერხა საქართველომ „დაბრკოლება შესაძლებლობად ექცია“, როგორ და შემდეგნაირად:

• 2020 წელს საქართველოში FDI-ს მოცულობა - 572 მლნ აშშ დოლარი
• 2019 წელი - 1.34 მლრდ აშშ დოლარი
• 2018 წელი - 1.32 მლრდ აშშ დოალრი
• 2017 წელი - 1.99 მლრდ აშშ დოლარი.

საქართველოში რაღაცეები იგვიანებს, რაღაცეები კი შედარებით ადრე ხდება; აი, პანდემია კი როგორც ჩანს, ჩვენთან 2018 წელს დაიწყო. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 2020 წლის პუი-ს ნაწილში, საქსტატის დაზუსტებული მონაცემი წინასწარს თითქმის 8%-ით ჩამოუვარდებოდა, რისი მიზეზიც რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლა იყო, ამან კი პუი-ს მაჩვენებელი 285 მლნ აშშ დოლარით შეამცირა, 2020 წლის პუი-ში კი 87.5% რეინვესტირების წილი იყო, თუმცა დიდად ნუ ვიდარდებთ, რადგან „საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს აღმოსავლეთის ლუქსემბურგი“ იქ კი 319% ზრდა არის.

რა რესურსი აქვს ქვეყანას, როგორია ქვეყნის პოლიტიკური და მაკროენოკონიმიკური პარამეტრების სტაბილურობის საკითხი ამაზე საუბარი ალბათ ზედმეტია, რადგან ისედაც ყველაფერი ნათელია. ინფლაციის მაჩვენებელმა 12.5 % შეადგინა, პოლიტიკური მდგომარეობა ისედაც ნათელი თუ ბნელია.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია საქართველოში არსებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ შემდეგნაირია:

2013-2020 წლებში საქართველოში 38 ჰიდროელექტრო სადგური შევიდა ექსპლუატაციაში, რამაც ენერგეტიკის სფეროში 1.3 მლრდ აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა. დღეისთვის დაპაუზებულია 80-მდე ჰესი, რომელიც 4 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციას აფერხებს. თუმცა ჰესები არ არის გამონაკლისი რომელიც დაპაუზებულ მდგომარეობაშია, ასეთივე მდგომარეობაშია ანაკლიის პორტის საკითხი -  ანაკლიის კონსორციუმი სახელმწიფოს 2 მლრდ- ზე მეტს ედავება, დავის ფაზა გაიარა „ფრონტერემაც“, რომელიც 3.5 მილიარდი აშშ დოლარის ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა, არბიტრაჟის საკითხთან მივდივართ ENKA-სთანაც, სადაც დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარის ანაზღაურებაზე შესაძლოა იყოს საუბარი; როდესაც მსგავსი შემთხვევები მეორდება ჩნდება ეჭვები, ეჭვები იმის შესახებ, რომ ეს შესაძლოა ვინმეს სჭირდებოდეს, სხვანაირად დაუშვა ამდენი შეცდომა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ამ ეჭვების პარალელურად არსებობენ ექსპერტები თუ სფეროსთან დაკავშირებული ადამიანები, რომლებიც საკმაოდ საინტერესო ეკონომიკურ და ფინანსურ ანალიზს აკეთებენ. თავად ის ფაქტი, რომ უცხოურ ინვესტიციებს შეიძლება ვინმე ეწინააღმდეგებოდეს და თან საქართველოში, ხომ ვითომ სასაცილოდ ჟღერს, თუმცა სასაცილო აღარაა როცა უკვე წინააღმდეგობის მიღმა იწყება მსჯელობა სწორედ ასეთი ხალხისგან, რომ რიცხვები მხოლოდ რიცხვებია და ეს პატარა მაჩვენებლები არათუ ცუდი, არამედ კარგიც კი შეიძლება იყოს.

ერთ-ერთი ახსნა, რის გამოც პუი-ს მაჩვენებლის იგნორირებაზე გვაფიქრებენ, არის შემდეგი: უცხოური ინვესტიციები შესაძლოა ადგილობრივით ჩანაცვლდეს.

როგორც ზემოთ ვახსენე ასეთი შემთხვევა 2020 წელს მართლაც მოხდა, რამაც პუი-ს მოცულობაში 8%-იანი ცვლილება გამოიწვია, თუმცა რეალურად რომ შევხედოთ არსებული ბიზნეს მოცულობა და ამ კაპიტალის გამოსყიდვა რამდენად საკმარისი შეიძლება იყოს იმისათვის რომ ქვეყანამ ცხოვრების დონით ევროკავშირის წევრ ყველაზე ღარიბ ქვეყნამდე მიაღწიოს?

პასუხი შემდეგია: ეს კომპანიები საქართველოში ისედაც ფუნქციონირებადი საწარმოებია, მათი გავლენა ეკონომიკაზე ისედაც ცხადია, დამატებითი ეფექტისათვის კი სწორედ ახალი და ქვეყნის გარედან შემოდინებული რესურსი გვჭირდება. შიდა დანაზოგი და ამის ინვესტირება კი გრელვადიანი პროცესია, რადგან ეს შემნახველთა ქცევის ცვლილებასა და მათ მოლოდინებზე დგას, მისი მოკლე ვადაში ცვლილება და რაიმე რადიკალურის მიღება სხვა თანაბარ პირობებში უბრალოდ შეუძლებელია.

ამ მოცემულობით FDI-ს მაჩვენებელ რიცხვებს მნიშვნელობა აქვს და თან ძალიან დიდი მნიშვნელობა.

გვეუბნებიან, რომ FDI შეიძლება უცხოური ვალუტის შემოდინების წყარო აღარც კი იყოს.

აქ ნარატივი შემდეგია, ინვესტორი ელის უკუგებას, რის გამოც მეტად სავარაუდოა, რომ ის ახდენს თანხის გატანას ქვეყნიდან, რაც ცხადია, მომგებიანი საწარმოს შემთხვევაში ინვესტირებულ თანხაზე მეტია, შესაბამისად, პუი არათუ ვალუტის შემოდინების, არამედ გასვლის მნიშვნელოვანი წყაროც შეიძლება გახდეს.

პასუხი შემდეგია: პუი არ არის ის მიმართულება რომელიც ლარის სიმყარესა თუ ვალუტის შემოდინების ერთადერთ წერტილად უნდა აღიქმებოდეს, ამასთან მნიშვნელოვანია თავად ინვესტირებული თანხა რა მიმართულებით მიდის, თუ ეს საექსპორტო პროდუქციის წარმოებაა მაშინ ეს ლოგიკა გაუმართლებელია და ის უფრო დიდი უცხოური ვალუტის შემოდინების წყარო ხდება, ხოლო თუ რაიმე სხვა მიმართულებას მოიცავს მაშინ კარგად უნდა გადავხედოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციის არსს და მის მიზნებს ქვეყნის ეკონომიკაში და შემდეგ მოვთხოვოთ ის, რაც მისი საქმეა.

გვეუბნებიან, რომ უცხოურმა ინვესტიციამ შეიძლება "განდევნოს" ადგილობრივი ბიზნესი

აქ ნარატივიც არ არსებობს; უბრალოდ, ეკონომიკისა და ბიზნესის ამოსავალთან ვდგავართ, რადგან ფაქტობრივად, ყველა სექტორში, სადაც უცხოური ინვესტიციაა, არის ქართულიც, კონკურენციის ნაწილი კი მხოლოდ აჯანსაღებს ბიზნესს და მისი ხელოვნურად შეფერხება, დახშობა ადგილობრივი ბიზნესის საკეთილდღეოდ არათუ რამის ახსნა, არამედ გონებიდან წასაშლელი მავნე ფიქრია.

რატომ გვიჭირს FDI-ში? -  ინვესტორისათვის რამდენიმე საკითხი არის მნიშვნელოვანი, ნომერი პირველი არის სტაბილურობა, სურათი კი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც არასტაბილურ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს დაგვანახებს. რეგიონში შეინიშნება მნიშვნელოვანი კრიზისი, რასაც ითვალისწინებენ ინვესტორებიც.

არასტაბილურობაში მოიაზრება პოლიტიკური მდგომარეობა, გაცვლითი კურსი, დამოკიდებულება უახლოეს სავაჭრო პარტნიორებზე, ესენია თურქეთი და რუსეთი, მათი პრობლემები მომენტალურად აისახება საქართველოსა და ლარის მდგომარეობაზე; ბოლო პერიოდში ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი და მაღალი ინფლაცია, რომლის მიზეზიც ჯერ კიდევ საპოვნელია, ასევე განუვითარებელია კაპიტალის ბაზარი, რაც აფერხებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, ეს კი ჯამურად აძვირებს რესურსის ფასს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კარგ პოზიციებს ინარჩუნებს მსოფლიო რეიტინგებში, ვხედავთ, რომ ეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაზე არ აისახება, რამაც დროა, დაგვაფიქროს რეალურად ამ რეიტინგებში მოწინავე პოზიციებზე ყოფნასთან ერთად რა უნდა გავაკეთოთ რომ ქვეყნის ეკონომიკაზე და თითოეულ მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახოს.

ფაქტია, რომ ქვეყანას აქვს რეალური პოტენციალი მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები, და ამ გზით ხელი შეუწყოს ეროვნული ვალუტის სტაბილურობას, უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, რაც ასევე გავლენას მოახდენს ყველა მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე.

თუ ქვეყანა იქნება პოლიტიკურად სტაბილური და შემცირდება კორუფციის რისკები, გვაქვს რესურსი, რომ ამ პროცესში აქტიურად გამოვიყენოთ ევროკავშირის ქვეყნებთან და ჩინეთთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, რადგან ეს სწორედ ის კონკურენტული უპირატესობაა, რაც შეგვიძლია, რომ პოტენციურ ინვესტორებს შევთავაზოთ.

ფაქტია, ინვესტორებს სჭირდებათ მყარი გარანტიები, რათა მოახდინონ გრძელვადიანი ინვესტირება ქვეყანაში და ეს გარანტიები, თავის მხრივ, რამდენიმე ასევე ძალიან მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს, ესენია:

• საკანონმდებლო და სასამართლო სისტემის მოწესრიგება;
• ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება;
• კვალიფიციური მუშახელის არსებობა;
• ფინანსური ბაზრების განვითარება;

და რა თქმა უნდა, პოლიტიკური სტაბილურონა. ამ მიმართულებებით ცვლილებების განხორციელება კი სახელმწიფოს ვალდებულებაა. ცნობისთვის: დღეს საქართველოს პრემიერს FDI-ს მოზიდვაში მრჩეველიც კი ჰყავს, თანაც უცხოელი და ძალიან კვალიფიციური ვაზილ ჰუდაკი, რომელიც ერთ დროს ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტიც კი იყო. საინტერესოა, რას მოახერხებს ის და შეძლებს თუ არა სხვა ინტერესებით განმსჭვალული ჯგუფების საწინააღმდეგო ქმედებებში დაარწმუნოს ისედაც მარტივად პოზიციამერყევი პრემიერი.