მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირობები, რომელიც თვითდასაქმებულმა 300 ლარის მისაღებად უნდა დააკმაყოფილოს-მთავრობის დადგენილება

5eb1320c50134
ინგა მურუსიძე
05.05.20 15:40
13474
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა ანტიკრიზისული გეგმის სოციალური ნაწილის ფარგლებში თვითდასაქმებულების ნაწილს ანუ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ რიგ პირებს ერთჯერადად, 300 ლარით დაეხმარება, რისთვისაც 75 მლნ ლარია განსაზღვრული. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქსტატის მიხედვით, ქვეყანაში დაახლოებით, 850,000 თვითდასაქმებულია, 300-ლარიან კომპენსაციას, სავარაუდოდ, მათი მესამედი მიიღებს ანუ ისინი, ვინც დაამტკიცებენ, რომ იყვნენ თვითდასაქმებულები. 

დღეს, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ ხელმოწერილი დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა ვისზე და როდიდან, რა ფორმით გაიცემა აღნიშნული კომპენსაცია. დადგენილების თანახმად, კომპენსაციებს მიიღებენ:

1. ინდივიდუალური მეწარმეები;
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირები და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები, რომელთაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უფიქსირდებათ ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავლები ეკონომიკური საქმიანობიდან;
3. მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები, რომლებსაც მიკრობიზნესის სტატუსი მიენიჭათ 2020 წლის 1 აპრილამდე და პირები, რომლებიც არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან;
4. ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირისგან (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირებისა) წარადგენს იმის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდა შემოსავალი. 

ინდივიდუალური მეწარმეები, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირები, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები, მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები კომპენსაციებს მიიღებენ შემდეგი პირობებით:

ა) სამსახური, არაუგვიანეს 2020 წლის 20 მაისისა უზრუნველყოფს აღნიშნული პირების იდენტიფიცირებას და ინფორმაციას (სახელი, გვარი/პირადი ნომერი) აწვდის დასაქმების სააგენტოს. აღნიშნული პირები, კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაზე შეტყობინებას მიიღებენ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე – https://eservices.rs.ge /;
ბ) დასაქმების სააგენტო მის ელექტრონულ პორტალზე არაუგვიანეს 15 მაისისა ამზადებს ელექტრონული განაცხადის ფორმას (განაცხადს), სადაც კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირი (განმცხადებელი) ავსებს შემდეგ მონაცემებს:
ბ.ა) სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
ბ.ბ) საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);
ბ.გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

ამასთან, პირები, რომლებიც არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან, ასევე ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირისგან (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირებისა) წარადგენს იმის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდა შემოსავალი), კომპენსაციის გაცემის ადმინისტრირებას ახორციელებს დასაქმების სააგენტო შემდეგი პირობებით:

ა) დასაქმების სააგენტო მის ელექტრონულ პორტალზე არაუგვიანეს 15 მაისისა ამზადებს ელექტრონული განაცხადის ფორმას (განაცხადს), სადაც კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირი (განცმხადებელი) ავსებს შემდეგ მონაცემებს:
ა.ა) სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
ა.ბ) საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);
ა.გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
ა.დ) ინფორმაცია 2020 წლის პირველ კვარტალში მისი შემოსავლის წყაროს შესახებ;
ა.ე) საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) პირის მიერ გაცემული შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი (მათ შორის, საბანკო ამონაწერი, მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის ნებართვა/ლიცენზია და სხვა).

აღსანიშნავია, რომ ყველა პირი ვალდებულია, სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირდეს განმცხადებლად და შეავსოს ელექტრონული განაცხადის ფორმა არაუგვიანეს 2020 წლის 1 ივლისისა.

დადგენილებაში, ასევე, წერია, რომ განაცხადში წარდგენილი ინფორმაციის სისწორესა და არასწორი ინფორმაციის წარდგენით სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს, ხოლო დასაქმების სააგენტო არ არის უფლებამოსილი, უზრუნველყოს წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორისა და ვალიდურობის დადასტურება.

ვინ შეისწავლის განაცხადებს?

კომისიის შემადგენლობაში შედიან სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების წარმომადგენლები მინისტრის მოადგილეების ან/და დეპარტამენტების უფროსების დონეზე, ასევე დასაქმების სააგენტოსა და მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირები.

როდის გაიცემა კომპენსაცია საბოლოოდ?

მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განაცხადების ატვირთვიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში დასაქმების სააგენტო სამუშაო ჯგუფთან ერთად განიხილავს განაცხადებს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარუდგენს უწყებათაშორის კომისიას. 

აღნიშნულ პირების ნაწილზე  კომპენსაცია გაიცემა განმცხადებლის მიერ განაცხადის წარდგენიდან 10 სამუშო დღის ვადაში, ხოლო ნაწილზე კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.