მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველ ეტაპზე 100 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს შევისყიდით - კახა კალაძე

63aec00230123
ანუკა ჯოხაძე
30.12.22 16:12
2484
თბილისის მერია 2023 წელს 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვას გეგმავს. ავტობუსებმა სწრაფ სატრანზიტო დერეფნებში უნდა იმოძრაონ. თბილისის მერიის ცნობით, დედაქალაქის მასშტაბით მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფნების მოწყობა 2023 წლის ბოლოსთვის დასრულდება, რაც მგზავრთგადაყვანაში დღეს არსებულ გამოწვევებს აღმოფხვრის.

18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვასთან ერთად თბილისის მთავრობა მომავალ წელს გეგმავს ახალი ავტობაზის მშენებლობასაც, რომელზეც 67 მილიონიანი გამარტივებული შესყიდვა მიმდინარე კვირაში გამოცხადდა. BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ კახა კალაძე აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე 100 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა მოხდება.

“ავტობაზის მშენებლობა და ასევე 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა გადანაწილებულია რამდენიმე წელზე. თუ ავტობუსები უფრო მალე იქნება დამზადებული და გარკვეული ნაწილი შემოვა დედაქალაქში, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა რომ გამოვიყენოთ სხვადასხვა ავტობაზები, იმისთვის, რომ შეფერხება არ იყოს და ავტობუსებს შეეძლოთ ქალაქში გადაადგილება.

200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა გვინდა, ეს ყველაფერი დათვლილია მგზავრთანაკადებისა და რაოდენობის მიხედვით. პირველ ეტაპზე ვფიქრობთ 100 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შევიძინოთ, დროთა განმავლობაში ის იქნება შევსებული”, - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

ცნობისთვის, 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის ახალი ავტობაზის მშენებლობაზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გამარტივებული შესყიდვის ჩატარების მიზნით სახელწმიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. შესყიდვის ღირებულება 67 მლნ ლარია. პროეექტის განხორციელებას თბილისის მერია ისანი-სამგორის რაიონში გეგმავს.