04.ივნისი .2020 11:25

პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა 13.5%-ით გაიზარდა

პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა 13.5%-ით გაიზარდა
views 344
უკან

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2020 წლის I კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.5 პროცენტით გაიზარდა და 26.0 მილიარდი ლარი შეადგინა - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

დოკუმენტის მიხედვით, პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის როგორც ბრუნვის, ასევე მთლიანი გამოშვების მაჩვენებელზე COVID-19-ის პანდემიას განსაკუთრებით მძიმე გავლენა არ მოუხდენია. სავარაუდოდ, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები უფრო მკვეთრად 2020 წლის მეორე კვარტლის მაჩვენებლებზე აისახება, რაც მშპ-ის 16.6%-იანი ვარდნით იქნება განპირობებული.

საქსტატის მიხედვით, პირველ კვარტალში გაიზარდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. ამ პერიოდში მისი მოცულობა 10.3 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 8.4%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2020 წლის I კვარტალში მთლიანი ბრუნვის 60.0 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 16.6 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 23.4 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 44.3 პროცენტი, საშუალოზე - 24.4 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 31.3 პროცენტი.

ბიზნეს სექტორში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 640.5 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 3.4 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2 408.4 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.3 პროცენტით მეტი).

2020 წლის I კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 227.0 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 75.2 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 957.5 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 23.3 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
⦁ მსხვილი ბიზნესი – 1 293.7 ლარი;
⦁ საშუალო ბიზნესი – 1 404.9 ლარი;
⦁ მცირე ბიზნესი – 1 035.2 ლარი.

2020 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 37.6 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 27.8 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 8.9 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 5.8 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 5.4 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 4.0 პროცენტიანი წილით.

2020 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (21.6 პროცენტი) და ვაჭრობა (16.9 პროცენტი), შემდეგ მოდის მშენებლობა (15.7 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება - 9.6 პროცენტიანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 36.2 პროცენტიანი წილი უჭირავს.