მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი თითქმის გაორმაგდა და მშპ-ის 11%-ს მიაღწია

5ef9ce43967b7
შოთა ტყეშელაშვილი
29.06.20 21:20
923
2020 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მთლიანი შიდა პროდუქტის 11%-ს მიაღწია, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ 5.9%-სთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია. ბალანსის დეფიციტის ზრდის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. 

"მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობის ანგარიშსა და შემოსავლების ანგარიშს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 86.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო მშპ-სთან ფარდობა - 5.9 პროცენტიდან -11.0 პროცენტამდე.

მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 11.4 პროცენტით გაიზარდა და 885.9 მლნ აშშ დოლარი (2.6 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 6.2 პროცენტით შემცირდა, ხოლო იმპორტი 1.2 პროცენტით გაიზარდა.

მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ძირითადად მოგზაურთა მომსახურების შემოსავლების გამო), ნაწილობრივ ფარავდა საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. აღნიშნულ პერიოდში, მომსახურების ექსპორტი, წლიურად 15.6 პროცენტით, ხოლო იმპორტი 3.1 პროცენტით შემცირდა. მომსახურებით ვაჭრობის მნიშვნელოვან დადებით ბალანსს მოგზაურთა მომსახურება განაპირობებს, რომლის ექსპორტი წლიურად 26.1 პროცენტით შემცირდა და 427.7 მლნ აშშ დოლარს (1.3 მლრდ ლარი) გაუტოლდა.

მიმდინარე ანგარიშის მეორე დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 10.5 პროცენტით გაიზარდა და 2020 წლის პირველ კვარტალში 404.7 მლნ აშშ დოლარს (1.2 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 11.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო სამთავრობო სექტორის - უარყოფითი იყო.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, პირველ კვარტალში 125.7 მლნ აშშ დოლარი (368.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 3.3 პროცენტია,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.