15.მარტი .2020 19:59

პირველ პაციენტზე განმეორებითმა ტესტმა კორონავირუსი დაადასტურა – განმარტება

views 69101
უკან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული ნომერ პირველ პაციენტზე განმეორებითმა ტესტმა, ვირუსის ნიშნები აჩვენა. მას პირველ ტესტზე პასუხი უარყოფითი ჰქონდა.

"პირველ დადასტურებულ შემთხვევაზე ასეთი სიტუაცია გვაქვს – გუშინ გითხარით, რომ ავიღეთ ერთი ანალიზი, რომელიც იყო უარყოფითი. დღეს, განმეორებით ანალიზში, რომელიც განსხვავებულ ტესტსისტემაზე იდგმებოდა, ასეა წესი, გამოვიდა მაინც სუსტი დადებითი, ანუ ინფექციის ნიშნები ჯერ კიდევ არის, რის გამოც ამ პაციენტის გაწერა რამდენიმე დღით გადაიდო, მაგრამ გვაქვს სხვა სასიხარულო ინფორმაცია, რომ რიგით მესამე (კორონავირუსით დაინფიცირებული) პაციენტს, ასევე ირანში დაინფიცირებულს, მას პირველი ტესტი დღეს უარყოფითი აქვს. ხვალ კიდევ გაუკეთდება ტესტი, როგორც წესია და თუ ამ პირველისგან განსხვავებით ხვალაც უარყოფითი აჩვენა, ისე გამოვა, რომ გაწერაში მესამე პირველს გაასწრებს", – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კითხვაზე, რატომ გამოაქვეყნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ინფორმაცია, რომ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ცერცვაძემ პასუხად განმარტა, რომ მათ იჩქარეს.

"ზოგჯერ ჩქარობენ. ჩვენ მათ ვაცნობეთ, რომ პირველი ტესტი იყო უარყოფითი, ისინი არ დაელოდნენ მეორე ტესტის პასუხს და გამოაცხადეს. ამით არაფერი დაშავებულა, დღეს თუ არა, ხვალ იქნება ის უარყოფითი", – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა და შესაბამისად, ჯამური რიცხვია - 33. ამასთან, ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 427 ადამიანია, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ კი - 73.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა