მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი არხის შენობა 77 მილიონად "ვისოლ ჯგუფმა" შეიძინა

6336b2e167d1f
BM.GE
30.09.22 13:13
13473
პირველი არხის შენობა 77 მილიონ ლარად "ვისოლ ჯგუფმა" შეიძინა. აღნიშნული ინფორმაცია "ვისოლ ჯგუფის" დამფუძნებელმა სოსო ფხაკაძემ BMG-ის თავად დაუდასტურა. მისი განმარტებით, ადგილზე მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა აშენდება. 

"ჩვენი ჯგუფი დიდი ხანია ახორციელებს კომერციული უძრავი ქონების განვითარებას ქ. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კერძოდ, ჩვენ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს, სადაც მთავარი არენდატორია კომპანია “კარფური” და ასევე არენდატორები არიან ათობით სხვა საქართველოში მოღვაწე რითეილერები. შესაბამისად, ვფიქრობთ, ჯგუფში დაგროვდა ძალიან კარგი გამოცდილება უძრავი ქონების განვითარების კუთხით.

მიღებული გამოცდილების ბაზაზე, გარკვეული პერიოდის წინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ დეველოპერული საქმიანობა, ანუ საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. სწორედ ამ მიზეზით შევისყიდეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა, ვაპირებთ ვიმუშაოთ უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, შევქნათ საინტერესო კონცეფცია და შესაბამისად განვითარდეს საინტერესო, მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა ამ ლოკაციაზე", - განუცხადა BM.GE-ს სოსო ფხაკაძემ. 

პირველი არხის უძრავი ქონება 33,209 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთისგან შედგება, რომელზეც 23,649 კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობები არის განთავსებული. შესაბამისად, აუქციონზე ერთი კვადრატული მეტრი მიწის ღირებულება 2,309 ლარი, ანუ 813 დოლარი იყო.

შენობის ღირებულება დღგ-ის გარეშე 65 მილიონი ლარი იყო, ხოლო დღგ-ის ჩათვლით მისი ფასი 76.7 მილიონი ლარი. უძრავი ქონების აუქციონში საკუთარი წინადადება მხოლოდ ერთმა პრეტედენტმა დააფიქსირა, შესაბამისად, ტელევიზიის შენობა ერთი ბიჯით გაიყიდა. 

"ქონების საწყისი ღირებულება შეადგენს 65 000 000 ლარს, დღგ-ს გარეშე. დღგ-ს ჩათვლით ქონების ღირებულება - 76 700 000 ლარი გადახდილი უნდა იქნას შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

45% - ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში

20% - არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა

20% - არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა

7.5% - არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა

7.5% - არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა,"- ნათქვამია აუქციონის პირობებში.

პარალელურად, პირველმა არხმა გამოაცხადა 41-მილიონიანი ტენდერი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მშენებარე შენობის რემონტისთვის.