მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი ქართული თხილის პასტა ექსპორტზე იაპონიაში გავიდა – "ჭკვიანი თხილის" გეგმები

614337f4af016
ვიქტორია მღებრიშვილი
17.09.21 09:40
2452
„ვინ იფიქრებდა, რომ პირველი ექსპორტი იაპონიაში გვექნებოდა!“ - ამ პოსტს თხილის პასტების მწარმოებელი ქართული კომპანია „ჭკვიანი თხილი“ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.

დეტალების გასარკვევად BM.GE კომპანიის დამფუძნებელს ნინო ანდრიაძეს დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ კომპანიისთვის პროდუქტის ამ მიმართულებით რეალიზაცია მოულოდნელი იყო.

„ჩვენი პროდუქტი იაპონიაში ონლაინ მაღაზიის ვებგვერდ www.planatabyroots.com-ზე განთავსდება, რომელიც რამდენიმე დღეში ჩაეშვება. იაპონელი მყიდველი, რომელსაც ქართული პროდუქტების იაპონიაში გააქვს, თავად დაგვიკავშირდა და ჩვენი პროდუქტის მიმართ ინტერესი გამოხატა. შედეგად რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა დასახელების პროდუქტის – „ჭკვიანი თხილის“, „ყოჩაღი ნუშის“, „მოხერხებული მიწის თხილის“, "გიჟმაჟი თხილის" და „გულადი გოგრის“ – 500 ცალი ქილა ექსპორტზე გავიდა. ეს კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


იაპონიის ბაზარზე პროდუქტის რეალიზაციის დიდი პოტენციალია არსებობს, თუმცა კონკურენციაც დიდია, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში როგორც ბრენდი ისე მოსწონთ. მოსწონთ როგორც ეთნიკური პროდუქტი, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე თხილის პასტების მომხმარებლებს “, - განაცხადა ნინო ანდრიაძემ.

ის აღნიშნავს, რომ პირველ საექსპორტო ბაზარზე თხილის პასტები ქართული წარწერებით გაიგზავნა, რადგან მათთვის ამ სახით პროდუქტის რეალიზება საინტერესო იყო. გარდა ამისა, იაპონელი დამკვეთების მიერ პროდუქტის დაგემოვნების შემდეგ გამოიკვეთა, რომ „გულადი გოგრა“ მათთვის ყველაზე განსხვავებული გემოს პროდუქტია.

„გულადმა გოგრამ“ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, რადგან სხვა პროდუქტის გემოები საერთაშორისო ბაზრებზე ასე თუ ისე იციან, ხოლო ნივრით, ხმელი ქინძით და უცხო სუნელით შეზავებული გოგრის პასტა, მას ქართულ არომატს აძლევს“, - განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა და დასძინა, რომ პროდუქტის საფასო სეგმენტზე საუბარი ჯერ რთულია, თუმცა მწარმოებლების მოლოდინია, რომ ქართული თხილის პასტები იაპონიაში პრემიუმ ფასად გაიყიდება.



უნდა აღინიშნოს, რომ „ჭკვიანი თხილს“ საექსპორტო გეგმები მანამდეც ჰქონდა და ამ მიმართულებით კონკრეტულ ბაზრებზე მუშაობა დღესაც მიმდინარეობს.

„ჩვენი წარმომადგენლები გვყავს დიდ ბრიტანეთსა და ისრაელში და ამ მხრივ მოლაპარაკებები თებერვლიდან მიმდინარეობს. ვიმედოვნებთ, რომ ამ ბაზრებზე 2021 წლის ბოლომდე შევალთ“, - აღნიშნავს „ჭკვიანი თხილის“ დამფუძნებელი.

ადგილობრივ ბაზარზე კი დღემდე კომპანია თხილის პასტების რეალიზაციას ონლაინ არხების EXTRA.GE-ის, SOPLIDAN.ge-ს და კომპანიის ფეისბუქ გვერდის საშუალებით ახორციელებდა. რამდენიმე დღეში ადგილობრივი წარმოების თხილის პასტები „აგროჰაბშიც“ გამოჩნდება.

ცნობისთვის, „ჭკვიანი თხილი“ დღეისთვის 10 ადამიანს ასაქმებს და მას თვიურად 4 ტონა პროდუქტის წარმოება შეუძლია.