მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პირველი სამსახურის პოვნაში დახმარება" - გაჩეჩილაძე "საქართველოს ბანკის" 2020 წლის პრიორიტეტებზე

5e519a1bf0265
ანნა ლაპიაშვილი
23.02.20 13:10
7063
განათლება, ინოვაციები და დასაქმება - „საქართველოს ბანკის“ CEO არჩილ გაჩეჩილაძე BMG-ისთან ექსკლუზიურ ინტერვიუში 2020 წლის განმავლობაში ბანკის მთავარ პრიორიტეტებს ასახელებს.

"2020-ში ვფიქრობთ, რომ ბევრი გაკეთდება, ერთი მხრივ, ბიზნესის ხელშეწყობის და მეორე მხრივ, ადამიანების ხელშეწყობისათვის, რომ პირველი სამსახური იპოვონ“, - ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.

ინტერვიუში „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა 500 startups-ის საქართველოში შემოყვანასთან დაკავშირებითაც ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აქსელერატორის შემოყვანა ქვეყანაში დამწყები ბიზნესების აქსელერაციისთვის ახალ სტანდარტს შემოიტანს.

"ცოტა ხნის წინ, WB-ის თანადაფინანსებით მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე აქსელერატორი 500 startups-ი შემოვიყვანეთ, რომელიც მგონია, რომ მთელი საქართველოსთვის ძალიან კარგი საქმეა. მათთან ერთად აქსელერაციას გავუკეთებთ იმ კომპანიებს, რომლებიც ამ კონკურსში გაიმარჯევბენ და ვისწავლით მსოფლიოს საუკეთესო მცოდნეებისგან, როგორ უნდა გაკეთდეს სტარტაპების ბიზნეს კიბეზე შეყენება, რელსებზე დადგომა, აქსელერაციას რასაც ვუწოდებთ ხოლმე და ამას მერე მთლიანად მიკროკრედიტების და მიკრობიზნესების მიმართულებით გამოვიყენებთ, რათა დავეხმაროთ მიკრობიზნესებს, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ, შედეგი დაიდოს“, - აცხადებს ის.

კითხვაზე - რა ინტერესი აქვს ბანკს ამ მიმართულებით, არჩილ გაჩეჩლაძე ამბობს, რომ სტარტაპების დაფინანსება ბანკებისთვის ტრადიციული ინტერესის სფერო არ არის, თუმცა განათლების მიღება ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია.

"ჩვენი ინტერესია, რომ საქართველოში სტარტაპ კომპანიებისათვის შეიქმნას უკეთესი გარემო, ჰქონდეთ ცოდნა და საშუალება შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად. მასშტაბიდან გამომდინარე, არ მგონია, რომ ეს აქტივობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, მისი მნიშვნელობა ხარისხია, მგონია, რომ 500 startups-თან ერთად ახალ სტანდარტს დავამკვიდრებთ, თუ როგორ უნდა გაკეთდეს აქსელერაცია და ეს ცოდნა იქნება ტირაჟირებადი და სხვადასხვა მიმართულებით გადატანადი", - განმარტავს არჩილ გაჩეჩილაძე.

წლის მთავარ პროექტებს შორის "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი რამდენიმე დღის წინ ბიზნესებისთვის წარდგენილ კიდევ ერთ შეთავაზებას ასახელებს.

"რაც შეეხება საშუალო ბიზნესთან მიმართებაში ჩვენს გეგმას, ხშირად ხდება, რომ ბიზნესი რაღაც ეტაპზე არის წარმატებული და განვითარება უჭირს, ვერ იზრდება, შემდეგ ნაბიჯს ვერ დგამს. ჩვენ გვინდა, რომ ამ ბიზნესებმა საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი გამოავლინონ და ამისთვის შევქმენით ახალი ბრენდი 4B. აქ მოვიპატიჟებთ ისეთ ბიზნესებს, რომლებსაც გვგონიან რომ ნახტომის გაკეთება შეუძლიათ. მივაწვდით სხვადასხვა რესურსს, HR-ის და მარკეტინგის მიდგომებს, დავეხმარებით ფინანსების დაგეგმარებაში, ლოგისტიკაში და ა.შ. ამ მიმართულებით, ვფიქრობთ, ძალიან ბევრის გაკეთებაა შესაძლებელი და დავეხმარებით ამ ბიზნესებს, რომ ამით შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ“, - აღნიშნა მან.

ამასთან, მიმდინარე წლის გეგმებში "საქართველოს ბანკი" უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტაში საკუთარი წვლილის შესატანად კიდევ ერთი პროექტის ამოქმედებას გეგმავს.

"მეორე მიმართულება რაც ჩვენს გეგმებშია, ადამიანებისათვის პირველი სამსახურის პოვნაში დახმარებაა. ეს უმნიშნელოვანესია, რადგან ბევრი ადამიანი იღებს განათლებას და ვერ საქმდება. ჩვენ ვიმუშავებთ უნივერსიტეტებთან, რომ კარიერული განვითარების კუთხით მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკა დავგეგმოთ. მათ შორის იქნება ინტერვიუებისთვის მომზადება, CV-ების გამზადება, დაკავშირება სხვადასხვა კომპანიებთან და ა.შ. რომ ქართველ ახალგაზრდობას პირველი სამსახურის პოვნაში დავეხმაროთ. დავეხმარებით საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურ გამოვლენაში და მის განვითარებაში. ამ მხრივ ძალიან ბევრი სიახლე გვექნება“, ამბობს BMG-ისთან არჩილ გაჩეჩილაძე.